რას არ გაიგებ/ფაქტებისპორტი

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სუმოისტები იყვნენ, ჭარბი წონის გამო ვერ აფრინდა

ავიაკომპანია Japan Airlines-ის ფრენის განრიგში გასული კვირის ხუთშაბათს კიდევ ერთი ბორტი დაემატა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სუმოისტებს ჰქონდათ დაჯავშნილი ბილეთი ავიაკომპანიის ორ რეისზე კაგოსიმის პრეფექტურის კუნძულ ამამი ოსიმაზე გასაფრენად, სადაც ყოველწლიურად ტრადიციული სუმოს ფესტივალი იმართება.

JAL-ის ინფორმაციით, სუმოისტები ტოკიოს ჰანედას აეროპორტიდან და აეროპორტ იტამიდან (ოსაკის პრეფექტურა) ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობისთვის მიემგზავრებოდნენ კუნძულზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიაში გამოთვალეს, რომ თითოეული სპორტსმენი დაახლოებით 120 კგ-ს იწონიდა, შეიქმნა საფრთხე, რომ წონის გადაჭარბების გამო თვითმფრინავების ავზში საჭირო რაოდენობის საწვავს ვეღარ ჩაასხამდნენ. ორივე თვითმფრინავი იყო Boeing 737-800 165 მგზავრის ტევადობით. Japan Airlines-ის ეს თვითმფრინავი საშუალოდ 70 კგ წონის მგზავრებზეა გათვლილი

რამდენადაც დიდ თვითმფრინავებს ამამის აეროპორტიდან აფრენა და დაფრენა უჭირთ, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, ჰანედადან სპეციალური რეისი დაემატებინა. 14 ადამიანს შესთავაზეს, იტამიდან ტოკიოში, ჰანედას აეროპორტში გაფრენილიყო და სპეციალური რეისით ესარგებლა.

დამატებული ბორტით სულ 27-მა სპორტსმენმა იმგზავრა.

კუნძულზე დაახლოებით 460 სუმოისტი ჩაფრინდა ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მეორე დღეს, პარასკევს დაიწყო.

სამომავლოდ Japan Airlines-ი ამ მიმართულებით სუმოისტებისთვის ცალკე რეისების დანიშვნას გეგმავს.

„თავიდან ბევრს ვხუმრობდით წონაზე, საბოლოოდ კი წონა მართლა პრობლემა აღმოჩნდა. ავიაკომპანია ძალიან დაგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა“, – განაცხადა სუმოისტების წარმომადგენელმა.

აფრენის წინ მგზავრთა საერთო წონა პირველად კორეის ავიახაზებმა დაადგინა 2023 წელს, მომავალში კი შესაძლოა მგზავრების აწონა ჩასხდომის წინ აუცილებელი პროცედურა გახდეს.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close