მიგრაციაპოლიტიკა

უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად გერმანიას პოლონეთთან და ჩეხეთთან საზღვარზე კონტროლი შემოაქვს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განკარგულება გასცა პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვრებზე, გერმანიაში ადამიანთა არალეგალურად შემოყვანის გზებზე კონტროლის დაწესების შესახებ. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ „მოქნილ მიზანმიმართულ შემოწმებაზე“, რომელსაც დამატებით განახორციელებენ ფედერალური პოლიციის თანამშრომლები პირადი დოკუმენტაციის შემთხვევითი შერჩევით შემოწმებასთან ერთად“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაურმა ოთხშაბათს, 27 სექტემბერს.

ფეზერის მიერ გამოცხადებული ახალი ზომა დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ კონტრაბანდისტების სასტიკი ბიზნესი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს იმისათვის, რომ მაქსიმალური მოგება მიიღონ“, – განაცხადა შს მინისტრმა. მისივე თქმით, ამავდროულად, აუცილებელია მინიმუმამდე შემცირდეს ახალი ზომის გავლენა ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა მხარეს მუშაობენ, აგრეთვე, ტვირთების გადაზიდვაზე.

ბერლინი, პოლონურ და ჩეხურ მხარეებთან ერთად, ახლო მომავალში განიხილავს სტაციონარული სასაზღვრო კონტროლისა და საზღვრის ორივე მხარეს ერთობლივი კონტროლის ვარიანტებს, განაცხადა ფეზერის განკარგულებამდე ორი დღით ადრე გერმანული უწყების წარმომადგენელმა, თუმცა შსს-ს ხელმძღვანელმა ფეზერმა გერმანიის საზღვარზე რამდენიმე მეზობელ სახელმწიფოსთან  გრძელვადიანი კონტროლის დამყარებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

არალეგალური მიგრანტების მეოთხედი გერმანიაში კონტრაბანდისტების მეშვეობით შედის

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მესამე ქვეყნებიდან შესული ყოველი მეოთხე არალეგალური მიგრანტი კონტრაბანდისტების დახმარებით ხვდება გერმანიაში. მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის ასეთი მიგრანტების რაოდენობამ 20,3 ათას ადამიანს გადააჭარბა, მათი უმეტესობა გერმანიაში სირიიდან, ავღანეთიდან, თურქეთიდან და ერაყიდან ჩავიდა.

გერმანია მიგრაციული კრიზისის შემდეგ, 2015 წლიდან ინარჩუნებს სტაციონარულ კონტროლს ავსტრიასთან საზღვარზე, რომელიც ბავარიას ესაზღვრება  – ამ წელს ქვეყანაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ბევრი მათგანი ახლო აღმოსავლეთში ომს გამოექცა.

მაშინდელ კანცლერს ანგელა მერკელს აქებდნენ მისი პოლიტიკის გამო. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამან ხელი შეუწყო ულტრამემარჯვენე AfD-ის (Alternative für Deutschland – Alternative for Germany) რეიტინგის ზრდას.

ამ დროისთვის AfD-ს აქვს შანსები, მომავალ წელს აღმოსავლეთ გერმანიაში 3 რეგიონულ არჩევნებში გაიმარჯვოს ხმების 32-35%-ის მოგროვებით ადგილობრივად და 21%-ის – მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close