ვიდეოკრიმინალისაქართველო

სვეტიცხოვლის ეზოში ნარკოტიკების 9 სამალავს მიაგნეს (ვიდეო)

სვეტიცხოვლის ეზოში უკრაინელ ქალს ნარკოტიკის რეალიზაციისთვის 9 ადგილი ჰქონდა შერჩეული. დაფასოებულ მეტადონს იგი სამალავებში ტოვებდა, ფოტოებს უღებდა, კლიენტს უგზავნიდა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. მომხმარებელს დამალული ნარკოტიკი პირდაპირ ტაძრის ტერიტორიიდან გაჰქონდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებული, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოს ნარკოტიკების გასაღებისთვის იყენებდა, ინა დოლჟენკოა,

55 წლამდე ქალი, რომელიც სამართალდამცველებმა ბათუმში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად მოქმედებდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა სვეტიცხოვლის ეზო ნარკოტიკული საშუალებების სამალავად. ადგილობრივები მომხდარით აღშფოთებულები არიან.

„მე ცოტა ინტერესიანი ქალი ვარ და დავინტერესდი, მითხრეს ქართველები არ ყოფილან დაკავებულები, უცხოეთის მოქალაქეები არიან. ამბობენ, რომ თვითონ სვეტიცხოველი, შიგნით, გამოიყენებოდა ნარკოტიკების სამალავადო, ძალიან აღვშფოთდი“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ქალი ტელეკომპანია „პირველთან“.

სპეცოპერაცია 12 სექტემბრის დილით საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ერთდროულად დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სულ 46 პირი დააკავეს, რომელთაგან 36 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ამსახველი აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელეს .

დაკავებულთა შორის არიან საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ეგვიპტის, ირანის, ნიგერიის, იემენის მოქალაქეები.

„ალბათ, საზოგადოებამ იცის, რომ ეს ადამიანები ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებენ, მათ შორის, სადარბაზოებში, სასაფლაოებზე, სკვერებში, პარკებში და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას ვახდენთ, სადაც ტექნიკური საშუალებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას”, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ცენტრალური სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ.

ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: კოკაინი, ჰეროინი, „ალფა-პვპ“, მარიხუანა და ა.შ.

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close