საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი ისევ იწვის – ორი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში გაჩენილი ხანძრის გამო

დღეს დილაადრიან ხანძარი გაჩნდა ათენის გარეუბან კიფისიაში, საბედნიეროდ, ცეცხლი ლოკალიზებულია

ორი ადამიანი დაიღუპა გუშინ, 26 ივლისს  ქალაქ ვოლოსთან (თესალია, ცენტრალური საბერძნეთი) გაჩენილი ხანძრის გამო, იუწყება გაზეთი Kathimerini.

ესენი არიან 69 წლის ქალი, რომელიც თავის საცხოვრებელ ვაგონში (ავტოფურგონი) იმყოფებოდა პლატანოსში, მთიან ადგილას და 45 წლის მწყემსი, რომელიც ცეცხლმა იმსხვერპლა ფარის გადარჩენის მცდელობისას აგიოს გეორგიოსთან, ფერონში, ვოლოსის დასავლეთით.

69 წლის ქალს მოძრაობა შეზღუდული ჰქონდა და ფურგონიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო. ქმარი შეეცადა, ცოლს დახმარებოდა, თუმცა უშედეგოდ – ცეცხლი სწრაფად მოედო მანქანას. მოგვიანებით კაცი ცოცხალი, თუმცა უგონოდ მყოფი იპოვეს დამწვარი მანქანის სიახლოვეს. ხანდაზმული წყვილი ავტოფურგონში ცხოვრობდა.

გუშინ საბერძნეთის ხელისუფლებამ ვოლოსისა და ლამიის გარეუბნების მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა ხანძრის ორი ახალი კერის საფრთხის გამო. ევაკუაციის ბრძანება გაეგზავნათ ლამიის ჩრდილოეთ ნაწილის მაცხოვრებლებს, ამავე დროს, ცეცხლი ნეა მაგნეზიას რაიონისკენ მიდის. პოლიციის პატრული აფრთხილებს მოსახლეობას, რომელთა სახლებიც ხანძრის შედეგად დაზარალებულ რაიონთან ახლოსაა და ბრძანებას აძლევს, ამ მიდამოებს გაეცალონ, – იტყობინება სააგენტო Ana-mpa.

ექვსი ფერმა და მათი პირუტყვი უკვე ევაკუირებულია. უსაფრთხო ადგილებში გადასვლის ბრძანება ასევე გაეგზავნა ვოლოსის მახლობლად ინდუსტრიული ზონის მაცხოვრებლებს და მიმდებარე ქალაქების – დიმინისა და პალიურის მოსახლეობას რაიონში გაჩენილი კიდევ ერთი ხანძრის გამო.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხანძრის 61 ახალი კერა გაჩნდა. მათივე თქმით, ყველაზე რთული ვითარება ცენტრალური საბერძნეთის ქალაქ ველესტინოს მახლობლადაა, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ოფიციალური უწყებების მიერ გაცემული ბრძანების შესაბამისად.

საბერძნეთი უკვე კვირაზე მეტია, ტყის ხანძრებს ებრძვის. კუნძულ როდოსიდან 20 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

საბერძნეთს ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში უცხიეთიდანაც ეხმარებიან როგორც ტექნიკით, ისე ცოცხალი ძალით.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 490 მეხანძრე ჩავიდა საბერძნეთის დასახმარებლად. გაგზავნილია 7 თვითმფრინავი.

დღეს, დილაადრიან ხანძარი გაჩნდა ათენის გარეუბან კიფისიაში, საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს, სტრატიგუ მარკიგიანისის ქუჩის ბოლოს, ტყის მასივში.

დილის 7 საათისთვის მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. ხანძარს 42 მეხანძრე, 10 ავტომობილი ქვეითი  მეხანძრეების 4 ჯგუფთან ერთად, 3 ვერტმფრენი და მოხალისეები აქრობდნენ. კიფისიის მერის ცნობით, ხანძრის კონტროლირება მოხერხდა.

საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის სამსახური აქვეყნებს საფრთხეების პროგნოზის რუკას 28 ივლისისთვის.

ხანძრებს ებრძვიან საფრანგეთის სამხრეთსა და კუნძულ კორსიკაზეც.

BFM-TV-ს ცნობით, დღეს მარსელის ზემოთ მდებარე გორაკებზე, ესტაკის რაიონში, პენ-მირაბოსთან ახლოს ხანძარმა იფეთქა. ამჟამად ცეცხლს 90 მეხანძრე და თვითმფრინავები და ვერტმფრენები აქრობენ. კორსიკაში გაჩენილი ხანძრის კერის ჩაქრობა ღამის განმავლობაში, დილისთვის მოხერხდა, თუმცა ცეცხლმა 200 ჰექტარი გაანადგურა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close