მეოთხე ღამეა საფრანგეთის ქალაქები ცეცხლის ალშია გახვეული – არეულობა და შეტაკებები გრძელდება (ვიდეო)
საფრანგეთში გრძელდება მასობრივი არეულობა, რომელიც პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მოკვლას მოჰყვა. გამოსვლების მეოთხე ღამეს 1000-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ბევრი ახალგაზრდა, – იუწყება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანენი.
მოქალაქეებს ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართა და მშობლებს მოუწოდა, შვილები არეულობებს და სახლიდან არ გაუშვან.
„მოვუწოდებ მშობლებს, მოარიდონ შვილები არეულობებს და სახლიდან არ გაუშვან. ძალადობის გაღვივებაში სოციალურ ქსელებს მიუძღვის წვლილი. ხელისუფლება „ყველაზე სენსიტიური“ კონტენტის წაშლას მოითხოვს. მოზარდის სიკვდილს ინსტრუმენტად იყენებენ. ვგმობ არასრულწლოვანის სიკვდილის გამოყენებას. ეს მიუღებელია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
დღეს დილის 08:13 საათის მდგომარეობით, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს დაიჭრა 79 პოლიციელი და ჟანდარმი, დაიწვა 1350 მანქანა, დაიწვა ან დაზიანდა 234 შენობა, ხოლო საზოგადოებრივ გზებზე 2560 ხანძარი დაფიქსირდა.
თუმცა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი ამბობს, რომ დაკავებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მთლიანობაში, განვლილი ღამე ძალადობის ნაკლები ინტენსივობით გამოირჩეოდა.
27 ივნისს 17 წლის მოზარდი, წარმოშობით ალჟირელი ნაელი, ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. ბიჭი გასროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა. 38 წლის პოლიციელი, რომელმაც მოზარდს ესროლა, დაპატიმრებულია. მას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე:
კომენტარები