თუ გამდიდრება გსურთ: რა თვისებებში უნდა მიბაძოთ მილიონერებს
იდეა – „მდიდარი რომ გახდე, მდიდარივით უნდა იცხოვრო“ – არახალია ფინანსური კეთილდღეობის მაძიებელთა წრეში, მაგრამ რატომღაც ბევრს ეს ისე ესმის, თითქოს უახლესი iPhone უნდა შეიძინოს კრედიტით და ძვირადღირებულ რესტორნებში ივახშმოს, რასაც მისი ჯიბე ნამდვილად ვერ სწვდება.
სინამდვილეში, მკვლევართა თქმით, რომლებმაც მილიონერებისა და დაბალშემოსავლიანი ადამიანების ქცევები შეისწავლეს, ყველაფერი სხვაგვარადაა.
რამდენიმე ბესტსელერის ავტორი, ფინანსისტი და მწერალი თომას კორლი ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებოდა 233 მდიდარი და 1228 ღარიბი ადამიანის ცხოვრებას. მათ თავისებურებებსა და განსხვავებებს ის დეტალურად ინიშნავდა და სწავლობდა, რის შემდეგაც რამდენიმე ისეთი ჩვევა გამოყო, რომლებიც, მისი აზრით, ბავშვობიდან უნდა განუვითარონ მშობლებმა შვილებს, თუ სურთ, რომ ისინი წარმატებულები გახდნენ.
კვლევის შედეგები კორლიმ ჩამოაყალიბა წიგნში სათაურით „მდიდარი ბავშვები: როგორ აღვზარდოთ ბედნიერი და წარმატებული შვილები“, რომელიც მაშინვე ბესტსელერად იქცა.
რით განსხვავდებიან მდიდრები და ღარიბები
გთავაზობთ კორლის კვლევიდან ყველაზე საინტერესო რამდენიმე დასკვნას, რომლებიც მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებულ განსხვავებებს უსვამს ხაზს.
როგორც დაკვირვებამ აჩვენა:
- იმ ბავშვების 63%-ს, რომლებიც შემდგომში მილიონერები გახდნენ, მშობლები თვეში ორი ან მეტი არამხატვრული წიგნის წაკითხვას აიძულებდნენ;
- ლატარიის ბილეთებს ფულის მოგების იმედად მდიდრების მხოლოდ 6% იძენს, ღარიბებში კი ეს მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს;
- მდიდრებიდან მხოლოდ 21%-ს აქვს 15 კილოგრამზე მეტი ჭარბი წონა, ღარიბებიდან კი – 66%-ს;
მდიდარი ადამიანების 63% ინტერნეტით გართობაზე დღეში ერთ საათზე ნაკლებს ხარჯავს, ღარიბების 73% კი, პირიქით – ინტერნეტში გართობას ერთ საათზე ბევრად მეტ დროს უთმობს; - სატელევიზიო რეალითი-შოუებს მდიდრების მხოლოდ 9% უყურებს (დღეში ერთ საათზე ნაკლები ხნის განმავლობაში), ღარიბებში კი ასეთი შოუების მაყურებელთა რაოდენობა 78%-ს აღწევს;
მდიდარი ადამიანების 83% აქტიურად მონაწილეობს შვილების სასკოლო ღონისძიებებში, მაშინ როცა ღარიბებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 13%-ია; - მდიდარი ადამიანები ყველაზე ხშირად აუდიოწიგნებს უსმენენ – მათი 63% სწორედ ასე არჩევს დროის გაყვანას ხანგრძლივი მოგზაურობისას;
- მდიდრების 92%-ს მიაჩნია, რომ წარმატებას მხოლოდ გულმოდგინე შრომითა და სიჯიუტით მიაღწევს ადამიანი, ღარიბების 79% კი დარწმუნებულია, რომ მილიონები რომ იშოვო, უბრალოდ, უნდა გაგიმართლოს;
- მდიდრების 78% დღეში მხოლოდ 300 კალორიას იღებს მავნე საკვებიდან, ღარიბების 97% კი – ბევრად მეტს;
- მილიონერების 95% დღეში 30 წუთზე მეტ ხანს ვარჯიშობს, ღარიბებში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 23%-ია;
- მდიდრების 100%-ს ჰყავდა დამრიგებელი, რომელიც მას წარმატებული კარიერის გაკეთებას ასწავლიდა, ღარიბებში კი ასეთი პედაგოგი არავის ჰყოლია.
თომას კორლის დასკვნით, ადამიანი ნაწილობრივ იმიტომაა ღარიბი, რომ წარუმატებელი მშობლებისგან ითვისებენ ღარიბულ ჩვევებს. ხოლო იმისათვის, რომ ამგვარ ჩვევებს თავი დააღწიონ და ცხოვრება შეცვალონ, ძვირადღირებული iPhone-ის შეძენით კი არ უნდა დაემსგავსონ მილიონერებს, არამედ იმ თვისებებით, რომლებიც მათ უდიდეს უმეტესობას ახასიათებს.
sputnik-georgia.com
ამავე თემაზე: ვის გვერდით გამდიდრდებით? – ფინანსური კეთილდღეობის ჰოროსკოპი
კომენტარები