ბარბარა სამხარაძის სიმღერამ Ocean Side იუთუბზე განთავსებიდან 10 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა (ამჟამად, 4 კვირის თავზე 1,2 მლნ ნახვა აქვს – nostal.ge).
ბარბარამ სიმღერის ტექსტი თავად დაწერა, მელოდია კი ინტერნეტში შეიძინა.
სანამ ეს კომპოზიცია დღის სინათლეს იხილავდა, დიდი გზა გაიარა.
ბარბარა სამხარაძე ამის შესახებ fortuna.ge-ს ესაუბრა:
ბარბარა სამხარაძე:
„ასეთ შედეგს ნამდვილად ვერ დაველოდებოდი, რადგან ჩემ უკან არავინ დგას და არავის იმედი არ მაქვს, რომ ამ სიმღერას გააზიარებდა, სადმე დადებდა. ჩემი და ხალხის იმედით ჩავწერე. ცოტა იმედი მქონდა იმის გამო, რომ სიმღერის ნაწყვეტი ტიკ-ტოკზე გავაზიარე, სადაც ცოცხლად ვმღეროდი. იქიდან დაიწყო დაინტერესება. ამხელა წარმატებას ნამდვილად არ ველოდი. როცა რამდენიმე დღე გავიდა და დავინახე, რომ სიმღერას ამდენი ნახვა ჰქონდა, სამი დღის განმავლობაში ვიჯექი კომპიუტერთან, მქონდა სტატისტიკა გახსნილი და ვაკვირდებოდი, რამდენი ნახvა ემატებოდა. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი.
რატომ? რადგან შენს უკან არავინ დგას და მარტომ მიაღწიე ამ წარმატებას?
ჩემი მეგობარი მოვიდა ჩემთან ჩვეულებრივი კომპიუტერით და ხმის ჩამწერი მიკროფონით ჩემს მისაღებ ოთახში ჩავწერეთ ეს სიმღერა.
დღეს ყველას არ აქვს საშუალება, რომ სიმღერა ძვირად ღირებულ სტუდიაში ჩაწერონ… შენ მათ რიცხვში ხარ?
ვერ ვიტყოდი, რომ მომღერლებს არ აქვთ საშუალება, სიმღერები ჩაწერონ. ყველა წარმატებული მომღერლის უკან დგას ვიღაც. არ მგონია, წარმატებულ მომღერლებს უჭირდეთ სიმღერების ჩაწერა. ჩემ შემთხვევაში, სტუდიაში არ წავსულვარ. ჩემი სიმღერა რომ ჩამეწერა, ამის სურვილი აქამდე არ მქონია. დრო და სურვილი ერთმანეთს დაემთხვა.
გამოხმაურებების შესახებ მინდა გკითხო. რას გწერენ?
ერთი ქალბატონი მწერდა, შვილი მყავს გარდაცვლილი, არ გამოვირჩევი დიდი ბედნიერებით, მაგრამ შენი სიმღერა ისეთ სიმშვიდეს მგვრის, რომ ყოველ საღამოს ვუსმენო.
მწერენ დედები, რომლებსაც აუტისტური სპექტრის შვილები ჰყავთ – მათ ჩემს სიმღერას ასმენინებენ. ბავშვები, რომლებიც ვერ საუბრობენ, ჩემს სიმღერას ჰყვებიან.
ყველა თავის ისტორიას მწერს, რაში დაეხმარათ ეს სიმღერა, ცხოვრების რა მონაკვეთში იპოვეს ეს სიმღერა. ისტორიები არ გამოირჩევა დიდი ბედნიერი დასასრულებით. ყველა ადამიანს თავისი ცხოვრებისეული პრობლემა აქვს, თუ ეს სამი წუთი ამის დავიწყებაში ეხმარებათ, ძალიან კარგია.
ეს სიმღერა პანდემიის პერიოდში დავწერე მელოდიაზე, რომელიც ინტერნეტიდან ოფიციალურად შევიძინე. 2020 წელს დავდე კიდევაც, მაგრამ ეს ხარისხი არ იყო, ამიტომ მაშინ პოპულარობა ვერ მოიპოვა. ალბათ, ამ სიმღერას შესაფერისი დრო სჭირდებოდა.
არ გაქვს გამოვლილი მარტივი ცხოვრება. როცა ამ სიმღერას მღერი, რომელი რთული პერიოდი გახსენდება?
არავის აქვს გავლილი მარტივი ცხოვრება, მაგრამ ჩემი უფრო ჩანს. ეს სიმღერა 27 თებერვალს ჩავწერე. მთელი მარტი ძალიან რთული იყო. როცა ამ სიმღერის დადებას გადავწყვეტდი ხოლმე, სულ მქონდა ხელის შემშლელი ფაქტორები. როცა მინდოდა დამედო, ბაბუა გარდამეცვალა, მერე ჯანმრთელობის მდგომარეობამ შემიშალა ხელი. ასეთი შავ-თეთრი უკანა ფონი ჰქონდა წინაპირობად ამ სიმღერას. ჩემი ცხოვრება ასეთია, რაღაც დიდს გასცემ, დიდს იღებ – ეს არის ჩემი ცხოვრების კრედო. საბედნიეროდ, გაამართლა ამ სიმღერამ და დანაკარგები ფუჭი არ აღმოჩნდა…
ახლა უნივერსიტეტში ვსწავლობ. ქართულენოვან სიმღერაზე ვმუშაობ, რომელიც აუდიტორიისთვის დაახლოებით ორ თვეში იქნება ხელმისაწვდომი.
კომენტარები