იტალიაში ქართველი ქალი დაჭრეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია (ვიდეო)
იტალიის ქალაქ ბარიში, ლიბერტას რაიონში (quartiere Libertà), აბატე ჯიმას ქუჩაზე (via Abate Gimma) მდებარე სახლში 32 წლის ქართველ ქალს კისრის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლა რეპუბლიკა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადგილზე გამოიძახეს 118-ის სამსახური, რომელმაც დაჭრილი ქალი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა წითელი კოდით, თუმცა გამოცემა წერს, რომ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა 28 მარტს დილით მოხდა, პოლიცია მალევე გავიდა სავარაუდო დამნაშავის კვალზე, რომელსაც რამდენიმე საათში მიაგნეს, დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
პოლიციელების კვალდაკვალ ადგილზე მივიდა, აგრეთვე, პროკურორის თანაშემწე კიარა ჯორდანო, რათა გაერკვია, უნდა წაუყენონ თუ არა სავარაუდო დამნაშავეს ბრალი მკვლელობის მცდელობაში იმის გათვალისწინებით, რომ ქალი კისრის არეშია რამდენჯერმე დაჭრილი და დანით მიყენებული ჭრილობები შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩენილიყო.
ვარაუდობენ, რომ შემთხვევა ოჯახური ჩხუბის ნიადაგზე მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული, 47 წლის მამაკაცი, წარმოშობით ასევე ქართველი, დაჭრილი ქალის ქმარია. იგი ბარის პოლიციის მთავარი სამმართველოს მობილურმა ჯგუფმა დავანძატის ქუჩაზე დააკავა ცოლზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში, როგორც ცოლის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი. კაცს ტანსაცმელზე სისხლის ლაქები ჰქონდა.
ამჟამად იგი ბარის ციხეშია გადაყვანილი, სანამ მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას დაცვის მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ.
ნივთმტკიცებად სახლიდან ამოღებულია სამზარეულოს დიდი დანა, რომლითაც ქალი დაჭრეს.
ახალგაზრდა ქალი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან 30-დღიანი პროგნოზით.
ნინო ხოშტარია
შენიშვნა: სტატია განახლებულია 29 მარტს, 15:00 სთ-ზე, დამატებული აქვს ბოლო 4 აბზაცი.
კომენტარები