მსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში დააკავებენ და მომხრეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იგი ელოდება, რომ მომავალ კვირაში დააკავებენ მანჰეტენის ოლქის პროკურატურის მიერ მისი საქმის გამოძიების ფარგლებში. 

ტრამპმა სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საკუთარ თავზე საუბრისას აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტიის წამყვან კანდიდატსა და შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს მომავალი კვირის სამშაბათს დააპატიმრებენ“.

მისივე თქმით, ამ განცხადების გაკეთებისას იგი „მანჰეტენის საოლქო პროკურატურიდან გაჟონილ ცნობებს“ ეყრდნობა. ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა თავის მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა.

ამასთან, ტრამპის ადვოკატები ამბობენ, რომ მათ სამართალდამცავებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„ვინაიდან ეს პოლიტიკური დევნაა, საოლქო პროკურატურა პრესაში ინფორმაციის გაჟონვის პრაქტიკას მიმართავს და არა პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატებთან კომუნიკაციას, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე“, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა სიუზან ნეჩელესმა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობით, პროკურატურა დონალდ ტრამპის დასაკავებლად ემზადება მისი ადვოკატის მიერ 2016 წლის არჩევნებამდე პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე, რომელსაც ნიუ-იორკის პროკურატურა ხუთი წლის განმავლობაში იძიებს. ყოფილი პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი ირწმუნება, რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა მას 130 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა ტრამპთან თავისი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა. დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს სასამართლოში უჩივლა.

თავად ყოფილი პრეზიდენტი დენიელსთან სექსუალურ კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

76 წლის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს. თავად ტრამპი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, რის შესახებაც მან ოფიციალურად გასული წლის შემოდგომაზე განაცხადა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close