ვიდეოიტალიასპორტი

ნეაპოლში „ნაპოლის“ და „აინტრახტის“ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს შორის მასშტაბური შეტაკება მოხდა (ვიდეო)

იტალიის ქალაქ ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე ფრანკფურტის „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შორის მასშტაბური შეტაკება მოხდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, გერმანელი გულშემატკივრები დილიდან შეიკრიბნენ ნეაპოლის ცენტრში.

გერმანელმა ქომაგებმა, რომლებსაც თამაშზე დასწრების უფლება არ აქვთ, თუმცა ნეაპოლში მაინც ჩავიდნენ, სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის მანქანას კალატა ტრინიტა მაჯორეს ქუჩაზე, მეორე მანქანას კი მინები ჩაუმტვრიეს. შეტაკების შედეგად დაზიანებულია მაღაზიის მინები.

ადგილობრივებთან შეტაკება კი დაიწყო, როდესაც დილიდან პიაცა დელ ჯეზუზე შეკრებილი გერმანელი გულშემატკივრები  უნდა ჩამსხდარიყვნენ ავტობუსში, რომელიც მათ უკან, თავიანთ სასტუმროში წაიყვანდა. ამ დროს გამოჩნდა რამდენიმე ათეული წესრიგის დამრღვევი დაფარული სახეებით და ჩხუბი დაიწყო. სპეცტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები დაჯგუფებების გაცალკევებას და ულტრასების გაყრას ცდილობდნენ.

მოგვიანებით დაპირისპირებულმა მხარეებმა კვამლის ბომბების სროლა დაიწყეს.

ბოლო მონაცემებით, პოლიციამ ვითარების გაკონტროლება შეძლო, „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შორის პოლიციის კორდონი მოეწყო. „ანსას“ ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 800 პოლიციელი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანელი გულშემატკივრები დაპირისპირების ადგილიდან ნელ-ნელა გაჰყავთ. ისინი აიძულეს, ავტობუსებში ჩამსხდარიყვნენ და ვია მედინასკენ წაიყვანეს.

სასტუმრო, სადაც გერმანელი გულშემატკივრები დაბინავდნენ, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაა, რადგან სხვა ინციდენტები გამორიცხული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩია, რომელიც  დაახლოებით 2 საათში, თბილისის დროით 24:00 სთ-ზე დაიწყება (იტალიის დროით – 21:00 სთ-ზე). პირველი მატჩი ფრანკფურტში „ნაპოლიმ“ მოიგო ანგარიშით 2:0.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close