ვიდეომიგრაცია

ხმელთაშუა ზღვის სასაფლაო – 10 წელიწადში 26 ათასი მიგრანტი დაიღუპა, კროტონესთან მომხდარ ტრაგედიას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

2023 წელს ხმელთაშუა ზღვაში დაღუპულ მიგრანტთა რიცხვმა უკვე 225-ს მიაღწია

იტალიის სამხრეთით, კალაბრიის რეგიონის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 12 ბავშვია, ჩვილების ჩათვლით.

გავრცელებული ცნობით, ნავზე, რომელმაც იზმირიდან (თურქეთი) 23 თებერვალს გავიდა, 200-მდე ადამიანი იყო. მაშველებმა 80 მიგრანტი გადაარჩინეს, ადამიანებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე ეძებენ. წყალმა ცხედრების დიდი ნაწილი სანაპიროზე გამორიყა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვა 26 000 მიგრანტის სასაკლაო გახდა. 2022 წელს არალეგალურ მიგრაციას ხმელთაშუა ზღვის გავლით 2406 მიგრანტი ემსხვერპლა.

კროტონეს სანაპიროსთან 26 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ჩათვლით, 2023 წელს ხმელთაშუა ზღვაში უკვე 225 მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც არალეგალური გზით ცდილობდნენ იტალიის სანაპიროდან ევროპაში შესვლას.

ყველაზე მასშტაბური ტრაგედია 2013 წლის 3 ოქტომბერს, გამთენიისას მოხდა იტალიურ კუნძულ ლამპედუზიდან ნახევარი მილის დაშორებით, რომელსაც 368 მიგრანტი ემსხვერპლა (ეს – დადასტურებული რაოდენობა, კიდევ 20-მდე ადამიანი უკვალოდ დაიკარგა). 20 მეტრის სიგრძის ნავი მისურატიდან (ლიბია) იტალიისკენ მიცურავდა.

კროტონესთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით იტალიელმა სამართალდამცველებმა ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებიც ნავზე მიგრანტებთან ერთად იმყოფებოდნენ. მათგან სამი საპატიმროშია – 50 წლის თურქი მამაკაცი და 2 პაკისტანელი, ერთი 25 წლის ახალგაზრდა, მეორე – 17 წლის ბიჭი. ისინი ირწმუნებიან, რომ თავადაც ისეთივე მიგრანტები არიან, როგორც სხვები, თუმცა მათთან დაკავშირებით გადარჩენილი მიგრანტების ჩვენება ერთმანეთს ემთხვევა და საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ მათ ბრალი წაუყენონ. მეოთხე მამაკაცთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ არაწინასწარ განზრახული მკვლელობა და ნავის ჩაძირვა, უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა.

როგორც გადარჩენილი მიგრანტები ჰყვებიან, ისინი 23-ში გამოვიდნენ იზმირიდან (თურქეთი) და გადამყვანებს „კაპიტანს“ ეძახდნენ. მათივე მტკიცებით, 7500-იდან 9500-მდე დოლარი გადაიხადეს ამ საბედისწერო მოგზაურობისთვის. იტალიის სანაპიროსთვის კვირას უნდა მიეღწიათ, რადგან სავარაუდო კონტრაბანდისტები ეუბნებოდნენ, რომ კვირას სანაპიროზე ნაკლები ბლოკპოსტია. მათივე ჩვენებით, მთელი მგზავრობის განმავლობაში მათ მხოლოდ წყალს აძლევდნენ. ნავის ძრავას გზაში პრობლემა შეექმნა, თუმცა ერთ-ერთმა „კაპიტანმა“ პრობლემა მოაგვარა. მთელი სისწრაფით მიმავალი ნავი მეჩეჩს შეეჯახა – ეს ხმა 3-მა მეთევზემაც გაიგონა, რომლებიც დილის 4 საათზე უკვე ზღვაში იყვნენ თავიანთი ნავებით – რის შედეგადაც ნავი ნაფოტებად დაიშალა და ტრაგედია დატრიალდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close