ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გუშინ, 21 თებერვალს აშშ-ში არალეგალურად შესული თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალი წესები წარადგინა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრამდე სხვა ქვეყნების გავლით მისულ მიგრანტებს მნიშვნელოვნად უკრძალავს განაცხადის შეტანას თავშესაფრის მისაღებად. ეს წესი იმ პროტოკოლიდან უკან დახევაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდა, – წერს „სიენენი“.
ახალი 153-გვერდიანი რეგულაცია, რომელიც, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანს შეეხება, ყველაზე უფრო შემზღუდავია იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკის საზღვრის გასაკონტროლებლად მიიღო და ტრამპის ერას და მის პოლიტიკას გვახსენებს, – აღნიშნავს გამოცემა. ბაიდენის გეგმა ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას ასახავს, რომელიც არასოდეს ამოქმედებულა, რადგან სასამართლოში დაიბლოკა, – წერს მედია.
წარმოდგენილი ახალი წესები მიგრანტებს წაახალისებს, აშშ-ში შესასვლელად კანონიერი, უსაფრთხო და რეგულირებული გზები გამოიყენონ ან სხვაგვარად ეძებონ თავშესაფარი და დაცვა იმ ქვეყნებში, რომელთა გავლითაც მიემგზავრებიან, შესაბამისად, შემცირდება ადამიანებით კონტრაბანდის ქსელებზე დამოკიდებულება, რომლებიც მიგრანტებს თავიანთი ფინანსური გამორჩენისთვის იყენებენ, – ნათქვამია დადგენილების ტექსტში.
არსებობს ზოგიერთი გამონაკლისიც – ახალი წესები, ჩვეულებრივ, გამოიყენება იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც მექსიკის საზღვარს კვეთენ აშშ-ში შესასვლელად და ნებისმიერი ეროვნების ადამიანებს ეხება, გარდა მექსიკელებისა, რომლებსაც აშშ-მდე მისასვლელად მესამე ქვეყნის გავლა არ სჭირდებათ. აგრეთვე, შეზღუდვა არ ეხება მიგრანტ ბავშვებს, რომლებსაც ზრდასრული პირი არ ახლავთ და მარტო კვეთენ საზღვარს. გამონაკლისი დაიშვება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც აქვთ „მწვავე გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა“, არიან ძალადობრივი დანაშაულების „გარდაუვალი და უკიდურესი საფრთხის“ წინაშე, როგორიცაა: მკვლელობა, გაუპატიურება ან გატაცება, არიან ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ან არსებობს „სხვა უდავო გარემოებები“.
„რეფორმის გატარების პასუხისმგებლობა კონგრესს ესკისრება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ეს დროებითი ზომებია, რომლებიც „აუცილებლობიდან გამომდინარეობს“.
ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 21 თებერვალს გამოქვეყნებული ახალი წესები ფედერალურ რეესტრში 30 დღის ვადით განთავსდება საზოგადოებრივი განხილვისთვის და ძალაში შევა მაისში, როდესაც პანდემიის ეპოქის სასაზღვრო შეზღუდვების მოქმედების ვადა ამოიწურება (Title 42). აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი რეგულაციები 2 წლის განმავლობაში იქნება ძალაში, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები