კვარაცხელიამ „რომასთან“ ოსიმენს გაატანინა – „ნაპოლიმ“ ისევ მოიგო (ვიდეო)
გრიპით გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა და „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა „რომასთან“ ტურის მატჩი, რომელიც ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს.
სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრაში, რომელსაც „სტადიო მარადონამ“ უმასპინძლა, პირველი სახიფათო მომენტი ხვიჩამ შექმნა – მე-5 წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ წავიდა და მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა, მაგრამ „რომას“ მეკარე რუი პატრისიომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მე-17 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით „ნაპოლიმ“ შედეგს მაინც მიაღწია. ქართველი შემტევი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევარდა და კარის წინ ბურთი ვიკტორ ოსიმენს გადააწოდა, რომელმაც ბურთი კარგად დაამუშავა და შესანიშნავი გოლით „ნაპოლი“ 1:0 დააწინაურა.
54-ე წუთზე ჩაკი ლოსანოს ფლანგური გადაცემის შემდეგ კვარაცხელიას „რომას“ კარის აღება თავადაც შეეძლო, მაგრამ ბურთი დროულად ვერ დაამუშავა და კარგი შანსით ვერ ისარგებლა. 69-ე წუთზე ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი შეცვალა. 6 წუთში „რომამ“ სტეფან ელ-შაარავის ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 1:1, მაგრამ 86-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ „რომას“ მეორედ გაუტანა და „ნაპოლის“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა 2:1.
20 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 53 ქულა დააგროვა და სერია A-ს ლიდერია და მეორეადგილოსან „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს. კვარაცხელიას ანგარიშზე კი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
მერაბ მამულაშვილი
1tv.ge
კომენტარები