ბუკინგემის სასახლემ ჩარლზ III-ის კორონაციისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამა გამოაქვეყნა. გაერთიანებული სამეფო ამ მოვლენას სამდღიანი ზეიმით აღნიშნავს, 2023 წლის 6-დან 8 მაისამდე, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანელებს საშუალება ექნებათ, ნახონ ორი საზეიმო მსვლელობა, ორკესტრების წარმოდგენები უინძორის სასახლის ეზოში, ლაზერული შოუები, სამეფო ოჯახის წევრების მისალმებები ლონდონის რეზიდენციის აივნიდან. ვესტმინსტერის სააბატოში კორონაციის პროცესის ხანგრძლივობა შემცირდება. მას მხოლოდ ორი ათასი ადამიანი დაესწრება (1953 წელს ელიზაბეთ II-ის კორონაციის პროცესი 3 საათს გრძელდებოდა და მას რვა ათასი ადამიანი დაესწრო).
6 მაისს სააბატოში ჩარლზ III-ის სამეფო მირონცხების ცერემონია გაიმართება, სადაც მეფე ბუკინგემის სასახლიდან დედოფალ კონსორტ კამილასთან ერთად მოოქრული ეტლით მიბრძანდება.
7 მაისს უინძორის სასახლესთან გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები იმღერებენ. დაგეგმილია ლაზერული და სინათლის შოუ, დრონები კი ცაში მოძრავ ფიგურებს გამოსახავენ. ამავე დღეს გაიმართება ტრადიციული „დიდი ლანჩი“ – ბრიტანელებს კორონაციის აღსანიშნავად შეუძლიათ სუფრები გაშალონ და ქუჩებში იქეიფონ.
8 მაისი, ორშაბათი დღე დიდ ბრიტანეთში უქმედ გამოცხადდება. ქვეყნის მოსახლეობა საქველმოქმედო და მოხალისეობრივ პროექტებში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ მეფე ტრადიციას გადაუხვევს და მე-17 საუკუნიდან კორონაციისთვის სავალდებულო ჩაცმულობას, აბრეშუმის წინდებსა და ბრიჯებს, სამხედრო ფორმით ჩაანაცვლებს.
მიიღებს თუ არა მონაწილეობას კორონაციაში ჩარლზ III-ის უმცროსი ვაჟი, პრინცი ჰარი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოსცა სკანდალური წიგნი „სათადარიგო“ (Spare), უცნობია.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები