იტალიაკრიმინალი

იტალიური მაფიის „ნათლიმამა“ N1 30-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს

იტალიაში მაფიოზური დაჯგუფება კოზა ნოსტრას ერთ-ერთი სავარაუდო ხელმძღვანელი, მატეო მესინა დენარო დააკავეს.

მატეო მესინა დენარო ამ დრომდე იტალიაში ნომერ პირველ ძებნილად ითვლებოდა. მაფიის ერთ-ერთი ბოსი სიცილიის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ პალერმოში, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში დააკავეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა. სპეცოპერაციაში ათობით სამართალდამცველი მონაწილეობდა.

მესინა დენარო სამართალდაცველებს 30 წლის განმავლობაში ემალებოდა. დენაროს სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს არაერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობისა და ათობით მკვლელობისთვის. მათ შორის, 1992 წელს მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი პროკურორების, ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობებთან დაკავშირებით, ასევე, 1993 წელს მილანში, ფლორენციასა და რომში მომხდარი აფეთქებების სერიასთან კავშირისთვის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მატეო მესინა დენარო უკანასკნელი პირველხარისხოვანი მაფიის ბოსი იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნებოდა. მესინა დენარო კოზა ნოსტრას ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ტოტო რიინას მემკვიდრედ ითვლებოდა, რომელიც 1993 წელს, 23-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ შეიარაღებულ ძალებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კრიმინალური ჯგუფის „ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის“ დაკავება ცხადყოფს იტალიის მთავრობის უკომპრომისობას მაფიასთან ბრძოლაში და, მისი შეფასებით, მესინა დენაროს დაკავება სახელმწიფოს გამარჯვებაა.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close