ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ინტერთან“ დამარცხდა, თუმცა ლიგის ლიდერობას ინარჩუნებს
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი განაახლა – ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად, „სან სიროზე“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველი წუთებიდან მილანელები მოწინააღმდეგეებს ხისტად და ხშირად უხეშად ეთამაშებოდნენ, რამდენჯერმე კვარაცხელიას ფეხებში მტკივნეულად მოარტყეს.
„ინტერმა“ „ნაპოლის“ აქტიური პრესინგით კომბინაციური თამაშის საშუალება არ მისცა. პირველ ტაიმში სპალეტის გუნდს, ფაქტობრივად, არ შეუქმნია საგოლე მომენტი, ვერც „ინტერმა“ გამოიყენა კონტრშეტევებისას შექმნილი საგოლე მომენტები და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
კვარაცხელიამ პირველი საგოლე მომენტი 52-ე წუთზე შექმნა, კარის წინ ვიქტორ ოსიმჰენს ზუსტი გადაცემა მისცა, მაგრამ მეკარემ „ინტერი“ გადაარჩინა. მასპინძლებმა კი 56-ე წუთზე თავიანთი შანსი გამოიყენეს – ედინ ჯეკომ თავით შესანიშნავი გოლი გაიტანა დიმარკოს გადაცემის შემდეგ. ეს ანგარიში აღარც შეცვლილა.
კვარაცხელიამ 61-ე წუთზე კიდევ ერთხელ იყოჩაღა, „ინტერის“ საჯარიმოში ცრუმოძრაობებით მცველები ჩამოიშორა და დაარტყა, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა.76-ე წუთზე სპალეტიმ ქართველი თავდამსხმელი შეცვალა.
ეს ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი იყო პირველი ნოემბრის შემდეგ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა წელის ტრავმა მიიღო, რის გამოც ორი თვე მკურნალობის კურსს გადიოდა. .
დამარცხების მიუხედავად „ნაპოლი“ 16 ტურის შემდეგ სერია A-ში ისევ პირველ ადგილზეა 41 ქულით და 5 ქულით უსწრებს მე-2 ადგილზე მყოფ „მილანს“, რომელსაც 36 ქულა აქვს. „ინტერი“, რომელმაც ამ სეზონში ერთადერთმა მოახერხა „ნაპოლის“ დამარცხება (ზედიზედ 11 მოგების შემდეგ), 33 ქულით მე-4 ადგილზეა. „ნაპოლის“ 16 მატჩიდან 13 აქვს მოგებული, 2 ფრედ ითამაშა, მხოლოდ დღეს დამარცხდა მინიმალური ანგარიშით.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები