მსოფლიოპოლიტიკა

სტამბოლში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია – რა გაირკვა მისი აღიარებიდან

აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები

14 ნოემბერს დილით თურქეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში დააკავა ეჭვმიტანილი, რომელმაც ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა. თურქული მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით,  დაკავებულმა აღიარა, რომ მას სირიაში ქურთული სამხედრო ჯგუფები დაზვერვის ოფიცრის წვრთნებს უტარებდნენ. 

მედიის ინფორმაციით, ტერაქტში ეჭვმიტანილი ქალი, აჰლამ ალბაშირი სირიელია, რომელიც თურქეთში 4 თვის წინ უკანონოდ  შევიდა „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და სხვა ქურთულ სამხედრო ჯგუფებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ტერორისტ მამაკაცთან ერთად. ისინი, როგორც ვითომ „ცოლ-ქმარი“, ოთხი თვის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ ტექსტილის საწარმოში ესენლერის რაიონში და ციფრულ კავშირებს ერიდებოდნენ, რათა ტექნიკური გამოძიებისთვის თავი აერიდებინათ.

შაბათს ალბაშირი თავის კომპანიონ მამაკაცთან ერთად მივიდა სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში, რათა ხალხმრავალ ისტიკლალის გამზირზე ბომბი დაეტოვებინა. მამაკაცი მიიმალა, თუმცა თურქეთის შესაბამისი სამსახურები მის ძებნას აგრძელებენ. იგი ჯერჯერობით იდენტიფიცირებულია, როგორც „B“.

აფეთქების შემდეგ ტერაქტში ჩართული პირები საბერძნეთში აპირებდნენ გადასვლას. თურქეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, მათ მიიღეს ცნობა, რომ ტერორისტებს ნაბრძანები ჰქონდათ ალბაშირის საბერძნეთში გადაყვანა და იქ მისი მოკვლა, რათა ტერაქტთან თავიანთი კავშირი გაეწყვიტათ.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებით, მომხდარის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურებმა ვიდეოკამერების 1 200 ჩანაწერი შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს ტაქსი, რომლითაც ტერორისტმა ქალმა აფეთქების შემდეგ ტერაქტის ადგილიდან მიმალვა შეძლო. სამართალდამცველებმა ტაქსისტი დაკითხეს, მანამ კი მანქანა შეამოწმეს უსაფრთხოებაზე.  ტერაქტთან დაკავშირებით ანტიტერორისტულმა ჯგუფებმა სხვადასხვა მისამართზე  კიდევ 45 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან უმეტესობა სირიელია.

თავის მხრივ, სირიელი ქურთების დაჯგუფებები სტამბოლის ტერაქტში მონაწილეობას უარყოფენ.

„ქურთისტანის მუშათა პარტია“ და ქურთული დაჯგუფება „სირიის დემოკრატიული ძალები“ აცხადებენ, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან.

„თავდამსხმელი აჰლამ ალ-ბაშირი თურქეთის მიერ ოკუპირებული აფრინიდან შევიდა თურქეთის ტერიტორიაზე, რომელიც 2018 წლიდან მთლიანად თურქული დაზვერვის კონტროლს ექვემდებარება. ეს ადასტურებს, რომ სპექტაკლი თურქეთის მთავრობამ და ერდოღანმა დადგეს. ერდოღანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზი, რათა დაარწმუნოს მსოფლიო და საერთაშორისო თანხმობა მოიპოვოს როჟავის რეგიონებსა და ჩრდილოეთ სირიაზე თავდასხმისთვის. ეს იქნებოდა მისი გადარჩენის ბარათი მომავალ არჩევნებში“, – აღნიშნულია „სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები, 81 კი დაშავდა. 50 დაშავებული უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან, დანარჩენი ჯერ ისევ მკურნალობს, მათგან ხუთი – რეანიმაციულ განყოფილებაში.

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close