იტალიაში ახალი სამთავრობო კაბინეტის შესაქმნელად ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო პრეზიდენტ სერჯო მატარელასა და არჩევნებში გამარჯვებულ მემარჯვენე კოალიციას შორის.
დღეს, 20 ოქტომბერს სერჯო მატარელა შეხვდა სენატის (პარლამენტის ზედა პალატა) ახალ თავმჯდომარეს, მემარჯვენე პარტია Fratelli d’Italia-ს („იტალიის ძმები“) წარმომადგენელს, ინიაციო ლა რუსას და პარლამენტის ქვედა, დეპუტატთა პალატის ახალ თავმჯდომარე ლორენცო ფონტანას, რომელიც მემარჯვენეთა კოალიციაში შემავალი „ჩრდილოეთის ლიგის“ წევრია.
21 ოქტომბერს კვირინალეში გაგრძელდება მოლაპარაკებები ახალი მთავრობის შექმნის საკითხზე მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების (მათ შორის, ბერლუსკონის „ფორცა იტალიას“) ხელმძღვანელებთან. პრაქტიკულად, უკვე გადაწყვეტილია, რომ პრემიერ-მინისტრი გახდება Fratelli d’Italia-ს თავმჯდომარე ჯორჯა მელონი, რომელიც იტალიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება.
როგორც ცნობილია, იტალიაში ამ შემოდგომაზე, 25 სექტემბერს ჩატარებულ რიგგარეშე ვადამდელ არჩევნებში, რომელიც სამთავრობო კრიზისს და პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომას მოჰყვა, გამარჯვება მემარჯვენე ძალების კოალიციამ მოიპოვა (43.79% – დეპუტატთა პალატაში, 44.02 – სენატში). იტალიის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ამ მაჩვენებლით კოალიციას აბსოლუტური უმრავლესობა აქვს პარლამენტის როგორც ზედა, ისე ქვედა პალატაში, რაც 2017 წლის საარჩევნო კანონმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც იტალიაში საპარლამენტო არჩევნები შერეული პროპორციული სისტემით ტარდება. საქმე ისაა, რომ მემარჯვენე ცენტრისტების კოალიციამ, რომელმაც, ფაქტობრივად, არჩევნებში ხმების 44% მოაგროვა, შეძლო გამარჯვების მოპოვება ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების 83%-ში, შერეული სისტემის მაჟორიტარულ ნაწილში.
მარიო დრაგი მიდის, მაგრამ იტალიელებისთვის დღესაც ყველაზე სასურველი ლიდერია
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, არჩევნების შემდეგ ჯორჯა მელონის მიმართ იტალიელთა ნდობა გაიზარდა (12 %-ით ბოლო ერთი თვის განმავლობაში) და 53%-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით იგი რეიტინგში მეორე ადგილზეა მარიო დრაგის შემდეგ, რომლის მიმართ ნდობა არჩევნების წინა პერიოდის შემდეგ 4 პუნქტით შემცირდა და ამჟამად 63%-ს უდრის, რაც მთელი 10 პუნქტით მეტია მელონის მაჩვენებელზე – ეს კი ნიშნავს, რომ კრიტიკის მიუხედავად იტალიელებისთვის მარიო დრაგი დღესაც ყველაზე სასურველი ლიდერია. ასეთია ილვო დიამატის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის, Demos & Pi-ს ციფრებზე დაყრდნობით გამოცემა „ლა რეპუბლიკასთვის“ მომზადებული „პოლიტიკური ატლასის“ შედეგები, რომლის თანახმადაც, პარტიების რეიტინგში პირველ ადგილზეა „იტალიის ძმები“ 26,4%-ით, „ლიგა“ „ჩამოვარდა“ 8%-მდე, დემოკრატიულ პარტიას 18%-ზე ნაკლები აქვს და მას თითქმის დაეწია „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ კონტეს ლიდერობით – 16,8%-ით. სხვათა შორის, ჯუზეპე კონტემ ლიდერების რეიტინგში დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ენრიკო ლეტას მკვეთრად გაუსწრო და მესამე პოზიციაზეა 43%-ით, ენრიკო ლეტამ კი, რომლის რეიტინგი არჩევნებამდე 34% იყო, Demos & Pi-ს ბოლო გამოკითხვაში ხმების მხოლოდ 25% დააგროვა.
საგულისხმო ფაქტი: გამოკითხულთა მხოლოდ მესამედს მიაჩნია, რომ ახალი, მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობა ჯორჯა მელონის მეთაურობით კანონით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე შეძლებს უფლებამოსილების განხორციელებას, უმეტესობის აზრით კი, ახალი მთავრობა მხოლოდ ერთ წელს ან ცოტა მეტს გაძლებს მემარჯვენე ცენტრისტებს შორის „შიგნით“ არსებული პრობლემების, აგრეთვე, „გარე“ პრობლემების გამო ევროპის სახით.
25 სექტემბრის არჩევნებში მელონის „იტალიის ძმებმა“ ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო – პარტიამ ამომრჩეველთა ხმების მეოთხედზე ოდნავ მეტი, 26% დააგროვა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგი – 32% ჰქონდა „5 ვარსკვლავის მოძრაობას“, რომელსაც მაშინ ლუიჯი დი მაიო ხელმძღვანელობდა (ჯუზეპე კონტე, რომელიც „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ და სალვინის „ჩრდილოეთის ლიგის“ კოალიციურმა მთავრობამ აირჩია პრემიერ-მინისტრად, როგორც კომპრომისული ვარიანტი, იმ მომენტში უპარტიო იყო).
ნინო ხოშტარია
კომენტარები