მსოფლიოპოლიტიკა

რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომლითაც პუტინი იმუქრება? – მოკლედ ახსნილი

ბირთვულ ომზე ან, როგორც ბოლო დღეებში ხშირად გაისმის, ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება ჰიროშიმას ცნობილი „სოკოს ღრუბელი“ გაგახსენდეთ. არის თუ არა საფრთხე იგივე, რით ჰგავს და განსხვავდება ე.წ. ტაქტიკური ბირთული იარაღი, რომლითაც პუტინი იმუქრება, ცნობილი „სოკოსგან“ ანუ სტრატეგიული ატომური იარაღისგან?

რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი?

ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის შედარებით მცირე ზომის ბირთვული ქობინი თავისი გადასატანი სისტემით, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე და შექმნილია კონკრეტულ ტერიტორიაზე მტრის სამიზნეების გასანადგურებლად, ოღონდ ფართო რადიოაქტიური აფეთქების და მასშტაბური რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე.

სტრატეგიულ ბირთვულ იარაღთან შედარებით, რომელიც, როგორც წესი, შექმნილია კონტინენტების გადაკვეთისთვის, ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების სისტემები გამოიყენება უფრო მოკლე მანძილზე – როგორც წესი, 500 კილომეტრს ქვემოთ.

თუმცა, როგორც NPR-ის მეცნიერებისა და უსაფრთხოების კორესპონდენტი ჯეფ ბრუმფილი შენიშნავს, „ეს არავითარ შემთხვევაში არ არის „მცირე იარაღი“.

„მაგალითად, ყველაზე დიდი, ჩვეულებრივი ბომბი, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებს ოდესმე ჩამოუგდიათ, დაახლოებით 11 ტონა ტროტილის აფეთქების სიმძლავრისა იყო, მაგრამ ე. წ. მცირე ბირთვულ იარაღს შეუძლია მიაწოდოს ერთი კილოტონა ტროტილი და ასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ყველაზე დიდი ბომბი“.

რით განსხვავდება ტაქტიკური ატომური იარაღი – სტრატეგიული ბირთვული იარაღისგან?

სტრატეგიული ატომური იარაღი გათვლილია დიდი რაოდენობის მოსახლეობის ან/და მტრის მნიშვნელოვანი ობიექტების გასანადგურებლად.

რა სიმძლავრისაა ტაქტიკური ბირთვული იარაღი?

ყველაზე მცირე ტაქტიკური ბირთვული ქობინის სიმძლავრე ერთ კილოტონამდეა ტროტილის ეკვივალენტში, ანუ აფეთქების სიმძლავრე არ აღემატება ათასი ტონა ტროტილის აფეთქებას.

ყველაზე დიდი ქობინი შეიძლება 100 კილოტონა იყოს.

სტრატეგიული ბირთვული იარაღი კი ბევრად მძლავრია – 1000 კილოტონამდე.

ცნობილი ატომური ბომბი, რომელიც აშშ-მა ჩამოაგდო ჰიროშიმაზე 1945 წელს,15 კილოტონა იყო.

როგორ მუშაობს ტაქტიკური ბირთვული იარაღი? ​

ტაქტიკური ბირთვული ქობინი შეიძლება განთავსდეს სხვადასხვა ტიპის რაკეტებზე, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებისთვის, როგორიცაა ფრთოსანი რაკეტები და საარტილერიო ჭურვები.

ასეთი იარაღის გასროლა ასევე შესაძლებელია თვითმფრინავებიდან და გემებიდან.

გამოუყენებიათ თუ არა ის ოდესმე? 

არასოდეს. მოქმედი ბირთვული იარაღი კონფლიქტებში აქამდე არ გამოუყენებიათ, რადგან ბირთვული იარაღის მქონე არცერთ ქვეყანას არ სურდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით ყოვლისმომცველი ბირთვული ომის გაჩაღება.

ვის რამდენი ბირთვული იარაღი აქვს?

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს დაახლოებით 2000-მდე ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს. დაახლოებით 10-ჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე შეერთებული შტატებს. აშშ-ს 200 ტაქტიკური ბირთვული იარაღიდან კი დაახლოებით ნახევარი განლაგებულია ევროპის ბაზებზე.

სააგენტო „როიტერი“ ასევე წერს, რომ რუსეთს დღეს აქვს 1458 სტრატეგიული ბირთვული ქობინი, რომელიც მზადაა გასასროლად, შეერთებულ შტატებს კი ასევე მზადყოფნაში აქვს 1389 ქობინი.

რაც შეეხება მთლიანად ბირთვული იარაღის ოდენობას, BBC-ს ცნობით, რომელიც ეყრდნობა ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის მონაცემებს და მიანიშნებს, რომ ყველა ეს რიცხვი არის მიახლოებითი, სურათი ასეთია:

  • რუსეთს აქვს ბირთვული იარაღის 5977 ქობინი;
  • ნატოს 5943 (აქედან 5428 აშშ-ს, 290 საფრანგეთს, 225 დიდ ბრიტანეთს);
  • ჩინეთს – 350;
  • პაკისტანს 165;
  • ინდოეთს – 160;
  • ისრაელს – 90;
  • ჩრდილოეთ კორეას – 20

რა ზიანის მიყენება შეუძლია ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს? ​

ტაქტიკური ბირთვული იარაღი უფრო დამანგრეველია, ვიდრე სხვა იარაღი იმავე ფეთქებადი ენერგიით. ბირთვული აფეთქებები უფრო ძლიერია, ვიდრე ქიმიური აფეთქებები და ის ტოვებს მომაკვდინებელ რადიაციულ ნაკადს, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე დააბინძურებს ჰაერს, ნიადაგს, წყალს და საკვებს.

ალექს ველერშტეინის ინტერაქტიული სიმულაციური საიტი სახელად – NUKEMAP ასახავს ბირთვული აფეთქებების მრავალ ეფექტს.

ატომური ბომბი და მსოფლიო – ისტორია მოკლედ 

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close