ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა (ვიდეო)
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სამი დღის უმედლოდ დასრულების შემდეგ, ტურნირის მეოთხე დღეს 22 წლის ტატო გრიგალაშვილმა გაგვახარა – მან უმძიმესი ფინალი მოიგო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ბელგიელ მატიას კასესთან და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ტატომ ასპარეზობის პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ ფრანგი უმალ დიარო, დომენიკელი დელ ორბე კორტორეალი, ხოლო მეოთხედფინალში იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე დაამარცხა დამატებით დროში – 3 შიდო (გაფრთხილება) მიაღებინა; ნახევარფინალურ დაპირისპირებაშიც სამი შიდოთი სძლია აზერბაიჯანელ საედ მოლასის და ფინალში გავიდა, რომელიც დამატებით დროში ეფექტური გდებით მოიგო.
ჩემპიონატის მომდევნო დღეებში, 10, 11 და 12 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ:
ვაჟები: ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ქალები: სოფიო სომხიშვილი (+78კგ).
13 ოქტომბერს გუნდური დაპირისპირება გაიმართება.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები