ლიტერატურა/წიგნებისაბერძნეთი

ქართველი მწერლის რომანის ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია ათენში, წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში (ვიდეო)

2 სექტემბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ზაპიოს პარკში ათენის 50-ე წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს მწერალთა სახლის ინიციატივითა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველო პირველად წარდგა ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და ლიტერატურული პროგრამით.

საქართველოს პავილიონში ბექა ადამაშვილი თავის წიგნზე ავტოგრაფს უწერს „ვეფხისტყაოსნის“ ბერძნულად მთარგმნელის – ემანუილ მეტაფიდისის შვილიშვილს, გიორგის კირიაკოსს და მის მეუღლეს. გრიგორის კირიაკოსმა 50 წლის შემდეგ გადაამუშავა პაპამისის ხელნაწერები და პირველად გამოსცა „ვეფხისტყაოსნის“ სრული თარგმანი ბერძნულად 2016 წელს.

ფესტივალის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე მაია დანელია და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი ანი უძილაური, აგრეთვე, თანამედროვე ქართველი მწერლები – ბექა ადამაშვილი და ივა ფეზუაშვილი, რომელთა ნაწარმოებები ბერძნულ ენაზე ითარგმნა და ფესტივალის ფარგლებში პრეზენტაციებიც დაიგეგმა.

შაბათს, 3 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე ადგილობრივი დროით ზაპიოს პარკში, ღია ცის ქვეშ მოეწყო ბექა ადამაშვილის რომანის – „ამ წიგნში ყველა კვდება“ ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია (თარგმნა ვერიკო მგელაძემ). პრეზენტაციას და ძალიან საინტერესო დისკუსიას უძღვებოდა ცნობილი ბერძენი რეჟისორი მიხეილ მარმარინოსი.

ვიდეოში სცენაზე მარცხნიდან – ივა ფეზუაშვილი, ბექა ადამაშვილი, მიხეილ მარმარინოსი, ვერიკო მგელაძე და ელინისტი, ფილოლოგი ანინა გოგოხია, რომელიც თარჯიმნობას უწევს მიხეილ მარმარინოსს.

 

დღეს, კვირას, 4 სექტემბერს, 19.00 საათზე ზაპიოს პარკში, ღია ცის ქვეშ ივა ფეზუაშვილის რომანის – „ბუნკერი“ ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში ქართველ მწერალთა წიგნების პრეზენტაციების ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი ანი უძილაური.

ნინო ბაჯელიძე

ბექა ადამაშვილის წიგნის პრეზენტაცია ზე ათენში, ზაპიოს პარკში. 3 სექტემბერი, 2022
საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი ანი უძილაური და ფესტივალის პრეზიდენტი, ბერძენ გამომცემელთა ფედერაციის პრეზიდენტი გრიგორის პლასტარასი. ათენი, ზაპიოს პარკი, 3 სექტემბერი, 2022 წ.
მიხეილ მარმარინოსი, ვერიკო მგელაძე და ნინო ბაჯელიძე ბექა ადამაშვილის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ. ათენი, ზაპიოს პარკი, 3 სექტემბერი, 2022

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close