საფრანგეთში პირველი აგვისტოდან კოვიდ-19-ის „სამედიცინო საშვი“ გაუქმდა
გაუქმებულია ყველა კოვიდშეზღუდვა საერთაშორისო მოგზაურებისთვის
საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ამასთან დაკავშირებით პირველი აგვისტოდან ამოქმედდა.
კანონის თანახმად, ე. წ. სამეციდინო საშვი («pass sanitaire») პირველი აგვისტოდან საჭირო აღარ არის. კანონის ტექსტი ამტკიცებს, რომ სამედიცინო სფეროში კოვიდ-19-ის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და ზაფხულის ბოლო თვის პირველი რიცხვიდან ჩვეულებრივი რეჟიმი ამოქმედდა.
რაც შეეხება მოგზაურობას, საფრანგეთში ჩასულ მოქალაქეებს აღარ მოუწევთ კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.
ამავე დროს, კანონის ტექსტი ითვალისწინებს, რომ 2023 წლის 31 მარტამდე ქვეყნის მთავრობას შეუძლია, კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები ხელახლა აამოქმედოს არა უმეტეს ორი თვის ვადით იმ შემთხვევაში, თუ გავრცელდება კორონავირუსის ახალი, ჯანმრთელობისთვის საშიში ვარიანტი – კერძოდ, მოგზაურების შემთხვევაში, 12 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს მოსთხოვოს კოვიდ-19-ზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის (ან აცრის სერტიფიკატის, ან კოვიდისგან გამოჯანმრთელების ცნობის) წარდგენა თვითმფრინავში ჩასხდომამდე (საფრანგეთიდან სხვა ქვეყანაში გაფრენამდე ან სხვა ქვეყნიდან საფრანგეთში გამომგზავრებამდე).
ნინო ხოშტარია
კომენტარები