იტალიაპოლიტიკა

მატარელამ მიიღო დრაგის გადადგომის მოთხოვნა, იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

სავსებით შესაძლებელია, ახალ პრემიერ-მინისტრად, ისტორიაში პირველად, ქალი ვიხილოთ

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას მიმდინარე წლის 25 სექტემბერს პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარების და 13 ოქტომბერს პარლამენტის ორივე პალატის პირველი სხდომის გამართვის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაცია 21 ივლისს საღამოს კვირინალეს სასახლემ გაავრცელა. კანონით, იტალიაში ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს მორიგი არჩევნები 2023 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მეთაური დაეთანხმა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის და შსს მინისტრ ლუჩანა ლამორჯეზეს  გადადგომას, რომლებმაც პრეზიდენტს წარუდგინეს მანამდე მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული დეკრეტები მათი გადადგომის თაობაზე.

ამრიგად იტალიაში 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაიმართება საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე. ამჟამინდელი მთავრობა კი თავის უფლებამოსილებას კიდევ 4 თვე, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ 25 სექტემბრის კენჭისყრის შემდეგ ახალი მოწვევის პარლამენტის წევრების რაოდენობა 1/3-ით შემცირდება: 2 წლის წინათ, 2020 წლის სექტემბერში იტალიელებმა რეფერენდუმზე ხმა მისცეს პარლამენტის წევრების რაოდენობის თითქმის 1000-იდან 600-მდე შემცირებას.

ხუთშაბათს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ბრძანებულების ხელმოწერამდე მატარელამ ხელი მოაწერა დეკრეტს ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი დაშლის შესახებ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების გამო. ხუთშაბათს, 21 ივლისს დრაგიმ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე.

პოლიტიკური კრიზისი იტალიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც წინა კვირაში პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში მთავრობის ნდობის ვოტუმის კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც მთავარმა საპარლამენტო პარტიამ – „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ყოფილი პრემიერის, ჯუზეპე კონტეს მეთაურობით ბოიკოტი გამოუცხადა. „5-ვარსკვლაველებმა“ კენჭისყრამდე დატოვეს სხდომათა დარბაზი. ამის მიუხედავად მინისტრთა კაბინეტმა სენატის მხარდაჭერა მიიღო, თუმცა დრაგიმ განაცხადა, რომ „საერთოეროვნულმა უმრავლესობამ“ არსებობა შეწყვიტა, აღარ არსებობს პირობები მთავრობის გეგმების შესასრულებლად და პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. მატარელამ პირველ ჯერზე დრაგის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას პარლამენტის წინაშე გამოსვლა დაავალა ოთხშაბათს, 20 ივლისს იტალიაში არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაციის საკითხზე. 20 ივლისს ზედა პალატაში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართა.

ოთხშაბათს საღამოს მინისტრთა საბჭომ ნდობის მორიგი კენჭისყრის შედეგად შედარებითი უმრავლესობა მიიღო სენატში: მოქმედი მთავრობის მხარდაჭერა კენჭისყრაში  მონაწილე 133 სენატორიდან 95-მა გამოხატა.

ამასთან, დარბაზში სულ 192 სენატორი იმყოფებოდა სენატის 300-ზე მეტი წევრიდან. ამ შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი უკვე მმართველი კოალიციის სამმა წამყვანმა პარტიამ თქვა: „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“, ბერლუსკონის „წინ, იტალიამ“ („Forza Italia“) და მატეო სალვინის „ლიგამ“. მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ მარიო დრაგის მეთაურობით ახალი მთავრობის მხარდასაჭერად იმ პირობით, რომ „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ კოალიციაში არ შევიდოდა. „5-ვარსკვლაველებმა, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ მთლიანად მთავრობის წინააღმდეგ კი არ გამოდიან, არამედ ცალკეული დეკრეტისა და სენატის რეზოლუციის წინააღმდეგ.

იტალიის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დაშლის დეკრეტის გამოცემიდან მინიმუმ 60 და მაქსიმუმ 70 დღის შემდეგ უნდა გაიმართოს. შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების თარიღად 25 სექტემბერი, კვირა დასახელდა.

ამჟამინდელ პოლიტიკურ სურათს თუ გავითვალისწინებთ, არჩევნების შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობის მიღების შანსი არცერთ პარტიას ან ბლოკს არ გააჩნია, თუმცა ბოლოდროინდელი გამოკითხვები ცხადყოფს, რომ 25 სექტემბრის არჩევნებში კონსერვატიული მემარჯვენე ცენტრისტების ბლოკს („ლიგა“, „ფორცა იტალია“, „იტალიის ძმები“) ჯორჯა მელონის ულტრამემარჯვენე პარტიის – „იტალიის ძმების“ მეთაურობით აშკარა უმრავლესობის მოპოვება შეუძლია. სხვათა შორის, 2-ოდე დღის წინ გამოქვეყნებული სოციალური გამოკითხვის შედეგების თანახმად, ყველაზე მეტ იტალიელს (გამოკითხულთა 24,1%) სურს მომავალ პრემიერად ქალბატონი მელონის ხილვა (დრაგიმ 22,5%-ის მხარდაჭერა დაიმსახურა, კონტემ – 14,7%-ის). ეს შედეგები სრულად შეესაბამება პარტიების რეიტინგებს.  ამდენად, სავსებით შესაძლებელია, რომ იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრად, ისტორიაში პირველად, ქალი ვიხილოთ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close