რა შეზღუდვები დაწესდა გვალვის გამო იტალიაში – დამრღვევს 500 ევრომდე ჯარიმა ემუქრება
იტალიაში წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურაა. ასეთი სიცხე იტალიაში ბოლო 70 წლის განმავლობაში არ ყოფილა. გვალვა უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის არაერთ რეგიონზე.
euronewsgeorgia.com-ის ინფორმაციით, იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა დღის განმავლობაში ვერ მოახერხა წყლის რესურსების მართვა.
ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დაწესებულია შეზღუდვები. ბევრ ქალაქს წყლის სატვირთო მანქანებით შემოტანა უწევს. ზოგიერთ რაიონს კი წყალი ღამით საერთოდ არ მიეწოდება.
ჩრდილოეთში, მდინარე პოსთან ახლოს ბრინჯისა და სიმინდის წარმოება შეჩერებულია. ქვეყნის ფერმერთა ასოციაციაში ამბობენ, რომ წელს ნალექის ნაკლებობის გამო ზარალი 3 მილიარდ ევროზე მეტი იქნება.
ასევე დიდი თანხა დასჭირდება შინაურ ცხოველებზე ზრუნვასაც.
„ჩვენ გვაქვს ვენტილაციის სისტემა, რათა დავეხმაროთ ცხოველებს ფერმაში, უკეთ გაუმკლავდნენ სიცხეს. ერთ-ერთი დანადგარი 65 000 ევრო ღირს. ამას ემატება ელექტროენერგიის ხარჯები. ვენტილატორები 24 საათის განმავლობაშია ჩართული. ღამითაც კი“, – ამბობს ფერმერი ეტორე ფერარინი.
პრობლემას ართულებს ზამთარში ნაკლები თოვლი, განსაკუთრებით სამხრეთ ალპებში, რამაც ხელი შეუწყო მდინარეებში წყლის ნაკლებობას.
მეცნიერები ამბობენ, რომ გვალვა კლიმატის ცვლილების შედეგია და ამაში ადამიანიც არის დამნაშავე.
როგორც euronews.com-ი წერს, წყლის დეფიციტის შესამსუბუქებლად მარიო დრაგის მთავრობამ 4 ივლისს, საღამოს გამართულ სხდომაზე 36,5 მილიონი ევრო გამოიყო.
გარდა ამისა, იზრდება შიში ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით, რომლებმაც ბოლო თვეებში 40-50%-ით ნაკლები ელექტროენერგია გამოიმუშავეს. იტალიაში დაიწყეს ამკრძალავი ზომების დაწესებაც, რათა წყლის გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოხდეს. ამიტომაც არ შეიძლება მანქანების რეცხვა, ბაღების მორწყვა და გარე ეზოს გაწმენდა. ვერონასა და პიზაში სასმელი წყლის გამოყენება არ შეიძლება საცურაო აუზების შესავსებად, ბაღებისა და სპორტული მოედნების მორწყვისთვის, მანქანების რეცხვისთვის ან ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც არ არის მკაცრად აუცილებელი ადამიანის საჭიროებისთვის.
მილანში დეკორატიული საზოგადოებრივი შადრევნები გამორთულია და მსგავსი შეზღუდვა დაწესდა მეზობელ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ემილია რომანიასა და პიემონტში. გვალვის გამო იტალიაში ტურისტებისთვის საზღვრები არ ჩაკეტილა, თუმცა მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ ის ზომები, რომლებიც წყალთან მიმართებით დაწესდა. შეზღუდვები ძალაში დარჩება 31 აგვისტომდე და პირები, რომლებიც წესებს დაარღვევენ, შეიძლება 500 ევრომდე დაჯარიმდნენ.
კომენტარები