6 ივლისის დილის მდგომარეობით, სულ ცოტა, 991 ბავშვი დაზარალდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი Telegram-ზე აქვეყნებს ინფორმაციას.
„იუვენალური (არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე – რედ.) პროკურორების ოფიციალური ინფორმაციით, 346 ბავშვი დაიღუპა, 645 კი დაიჭრა.
ეს ციფრები საბოლოო არ არის, რადგან მიმდინარეობს მუშაობა მათი რაოდენობის დასადგენად აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამავე წყაროს ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის (346), ხარკოვის (186), კიევის (116), ჩერნიგოვის (68), ლუჰანსკის (61), ნიკოლაევის (53), ხერსონის (52) და ზაპოროჟიეს (31) ოლქებში.
ცნობილი გახდა, რომ 3 ივლისს ოკუპანტების მიერ ქალაქ ბახმუტის (დონეცკის ოლქი) დაბომბვისას დაჭრილი 4 წლის გოგონა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
5 ივლისს რუსული ჯარების სროლების შედეგად ხარკოვის ოლქის პატარა ქალაქ პეჩენეგიში 2 წლის ბავშვი დაიჭრა.
რუსების დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 2 108 სასწავლო დაწესებულება, მათგან 215 მთლიანად დანგრეულია.
ლუჰანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის აღების შემდეგ ოლქი მთლიანად რუსეთის შეიარაღებულმა ძალების კონტროლქვეშაა, ახლა დონეცკის ოლქზე კონტროლის დამყარებისთვის იბრძვიან.
რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ პირობების შექმნას შეტევისთვის დონეცკის ოლქის სამ ქალაქზე – ბახმუტზე, სევერსკსა და სლავიანსკზე.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთით და დასავლეთით განთავსებული ძალების დიდი ნაწილი იზიუმის მიმართულებით გადაისროლა და სლავიანსკზე შეტევას აგრძელებს. მათივე ცნობით, ეს ძალები ამჟამად, სავარაუდოდ, ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრში იმყოფებიან.
ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადების თანახმად, რეალურად შესაძლებელია სლავიანსკისთვის ბრძოლა დონბასისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი გახდეს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები