რუსმა ჟურნალისტმა თავისი ნობელის მედალი აუქციონზე გაყიდა უკრაინელთა დასახმარებლად
„ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, მშვიდობის ნობელის პრემიის 2021 წლის ლაურეატმა დმიტრი მურატოვმა თავისი ნობელის მედალი 103.5 მლნ აშშ დოლარად გაყიდა ამერიკაში Heritage-ის აუქციონზე. მთელ თანხას ჟურნალისტი იუნისეფის საერთაშორისო ფონდს გადასცემს რუსეთის აგრესიის გამო დევნილად ქცეული უკრაინელი ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. ამის შესახებ currenttime.tv იუწყება.
მედალი ვაჭრობის ანონიმმა მონაწილემ იყიდა სატელეფონო ვაჭრობის შედეგად. ლოტის თავდაპირველი ფასი $700 ათასი იყო, თუმცა რამდენიმე წუთში მისი ღირებულება $16,6 მლნ-მდე გაიზარდა, საბოლოოდ კი მედალი $103,5 მილიონად გაიყიდა.
დმიტრი მურატოვს ნობელის პრემია 2021 წლის 8 ოქტომბერს მიენიჭა „აზრის თავისუფლების, როგორც დემოკრატიისა და მშვიდობის უცილობელი პირობის, დაცვისთვის გაწეული ძალისხმევისთვის“, მარია რესასთან ერთად, რომელიც ფილიპინებზე საინფორმაციო საიტის – Rappler-ის დამფუძნებელია.
იმავე წლის დეკემბერში მურატოვმა 40,2 მლნ რუბლის ოდენობის პრემია საქველმოქმედო ფონდებს გადასცა. ფული გაზეთის მკითხველების მიერ შერჩეულ ორგანიზაციებს გაუნაწილდა.
დმიტრი მურატოვი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსეთში დღეს სიტყვის თავისუფლებას იცავს. „ნოვაია გაზეტა“ ყველაზე დამოუკიდებელი გამოცემაა რუსეთში. მისი 6 ჟურნალისტი მოკლეს.
2022 წლის 28 მარტს გაზეთმა გამოაცხადა, რომ წყვეტს მუშაობას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულებამდე. „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებმა რუსეთი დატოვეს. მათ 2022 წლის აპრილში დაიწყეს ახალი გამოცემა – „ნოვაია გაზეტა. ევროპა“; მალევე გამოცემა როსკომნადზორმა დაბლოკა.
ნინო ხოშტარია
მსგავს თემაზე: ნობელის პრემიის ლაურეატს, „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს მოსკოვის მატარებელში თავს დაესხნენ
კომენტარები