მილიარდერმა, ცნობილმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდა, ამიტომ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალები დაამარცხონ. ამის შესახებ, Reuters-ის ინფორმაციით, სოროსმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დღეს, სამშაბათს განაცხადა.
„შეჭრა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იყოს და ჩვენი ცივილიზაცია მას ვერ გადაურჩეს. ჩვენი ცივილიზაციის გადასარჩენად საუკეთესო და ალბათ ერთადერთი გზაა – რაც შეიძლება ჩქარა დამარცხდეს პუტინი, ეს არის არსი“, – თქვა სოროსმა.
91 წლის მილიარდერის განცხადებით, პუტინი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში „სპეცოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიდის და კრემლი ყველა მიზანს მიაღწევს, ახლა თვლის, რომ შეჭრა შეცდომა იყო და ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებისთვის ემზადება.
„მაგრამ ზავი მიუღწეველია, იმიტომ რომ მისი ნდობა არ შეიძლება. რაც უფრო სუსტდება პუტინი, მით არაპროგნოზირებადი ხდება“, – განაცხადა სოროსმა.
მისივე სიტყვებით, ევროკავშირმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს შეუძლია გადაკეტოს რუსული ბუნებრივი გაზი, რომელზეც ამჟამად ევროპის მოთხოვნილების 40% მოდის, „სანამ ეს ნამდვილად მტკივნეულია“.
„შედეგის წინასწარმეტყველება არ შემიძლია, მაგრამ უკრაინას ნამდვილად აქვს გამარჯვების შანსი“, – აღნიშნა ჯორჯ სოროსმა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები