რუსებმა ომისთვის გამოყოფილი თანხების 80% უბრალოდ მოიპარეს. ეს ძალიან კარგია! – ბრიტანელი ანალიტიკოსი
რატომ აგებს რუსეთი ომს
კორუფცია და დეზინფორმაცია – სწორედ ამას შეეძლო, ჩაეფლავებინა პუტინის გეგმა უკრაინის სწრაფი დაპყრობის შესახებ, – მიიჩნევენ სამხედრო ექსპერტები და დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფების წარმომადგენლები.
ანალიტიკოსი ბილ ბრაუდერი ასე აღწერს რუსული კორუფციის მასშტაბებს, რომელიც უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციაზე აისახა:
„ამ ომისთვის გამოყოფილი თანხების 80% უბრალოდ მოიპარეს. ეს ძალიან კარგია, უბრალოდ მშვენიერი! ეს ხომ უკრაინელებს რუსებისთვის ღირსეული პასუხის გაცემის რეალურ შანსებს აძლევთ, პუტინს კი შეურაცხმყოფელ, დამცირებულ მდგომარეობაში აყენებს: კრემლის ლიდერი მკერდში მჯიღის ცემით ამტკიცებდა, უკრაინის 2-3 დღეში აღების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიქნებიო, ახლა კი მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ამ განცხადებებისა და მუქარის უკან არაფერი იდგა, სრული ნული!“
ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდლის, ბენ ჰოჯესის შეფასებით, კრემლს ძვირად უჯდება თვალის დახუჭვა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში თანხების რეგულარულ მიტაცებებსა და ჯარის მდგომარეობის შესახებ მოხსენებების სისტემატურ გაყალბებაზე:
„რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მრეწველობაში ათწლოვანი კორუფციისა და ცრუ ანგარიშგების შედეგია. დაიხარჯა მილიარდობით რუბლი, მაგრამ კრემლის მმართველმა ვერ მიიღო ის, რაშიც ეს ფული დაიხარჯა“.
ამ მოსაზრებას ადასტურებს დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმირ ოსეჩკინიც, რომლის თქმით, სამხედრო კონტრდაზვერვისა და მოსკოვში ФСБ-ს საკუთარი უსაფრთხოების სამმართველოს მასალებზე დაყრდნობით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის არაერთი საქმე თანხების მიტაცების მასშტაბურ ფაქტებთან დაკავშირებით:
„საუბარია კორუფციის ორ სახეობაზე ძალოვან უწყებებში. პირველი – ეს იმ თანხების მითვისებაა, რომლებიც უკრაინაში აგენტურული ქსელის განვითარებაში უნდა ჩადებულიყო. მოხსენებებში ეწერა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ უკრაინის თითოეულ მსხვილ ქალაქში მოქმედებდნენ კოორდინატორები, რომლებიც სპორტული აღნაგობის 2000-მდე ლოიალურ ახალგაზრდას აკონტროლებდნენ და საჭირო მომენტში ეს უკანასკნელები პირველივე მოხმობაზე მზად იქნებოდნენ, ადგილობრივი ადმინისტრაციები და უკრაინის უშიშროების სამსახურის ადგილობრივი ოფისები ჩაეგდოთ ხელში. მოხსენებებში აღნიშნული იყო ასევე, რომ უკრაინის თითოეულ რაიონში ცხოვრობს რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი სულ მცირე, 5-6 ათასი მოქალაქე, რომელიც მზადაა, საჭიროების შემთხვევაში პირველივე მოხმობაზე რუსული დროშებით გავიდეს ქუჩაში და შექმნას კრემლისთვის საჭირო სურათი დასავლური ტელეკომპანიების რეპორტაჟებისთვის, ასევე, მოახდინოს იმ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, თითქოს უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა მიესალმება რუსეთს, ქვეყანაში მისი ჯარების შესვლასა და ყველაფერ დანარჩენს, რაც კრემლის შემდგომ გეგმებში შედიოდა“.
კორუფციის მეორე მიმართულება კი თავდაცვის სამინისტროში უმაღლეს თანამდებობის პირებს ეხებათ. როგორც რუსულ სპეცსამსახურებში gulagu.net-ის წყაროები აცხადებენ, ამ დროისთვის შესწავლის სტადიაშია მინისტრ სერგეი შოიგუს უახლოესი გარემოცვის წევრების, კერძოდ, მინისტრის პირველი მოადგილის, რუსლან ცალიკოვისა და მოადგილის, ტიმურ ივანოვის საქმეები.
„ისინი მინისტრთან და სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთ გუნდად 2012 წლიდან მუშაობენ, როცა შოიგუ ჯერ კიდევ მოსკოვის ოლქის გუბერნატორი იყო, ცალიკოვი – ვიცე-გუბერნატორი, ივანოვი კი – მოსკოვის ოლქის მთავრობის ხელმძღვანელი. ახლა ისინი სამხედრო ობიექტების მშენებლობისას დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში არიან ეჭვმიტანილები. არსებული ინფორმაციით, რუსეთის ბიუჯეტი ამ კუთხით 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოებით 200 მლრდ რუბლს კარგავდა“, – განმარტავენ gulagu.net-ის წყაროები.
ვლადიმირ ოსეჩკინი დარწმუნებულია, რომ როგორც კი უკრაინაში მიმდინარე ომი შეწყდება, ვიხილავთ თანამდებობებიდან გადაყენებებსა და დაკავებებს.
„სწორედ ამიტომ ამ მაფიას, რომელიც როგორც თავდაცვის სამინისტროში, ისე სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტსა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში ბუდობს, ასევე მასთან აფილირებულ პირებს – მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს ომის შეწყვეტა არაფერში აწყობთ და მაქსიმალურად ცდილობენ, პუტინს ამ დამღუპველ გზაზე სვლის გაგრძელებისკენ უკიჟინონ“, – დასძენს gulagu.net-ის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საანგარიშო პალატამ (счетная палата) 2021 წელს ძალოვან უწყებებში ჯამში თითქმის 225 მლრდ რუბლის დარღვევები გამოავლინა.
წყარო: accentnews.ge
კომენტარები