მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა.
„თვითმხილველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის რუსული თვითმფრინავის მიერ დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ბოლომდე არ გვჯერა ამ საშინელების; ბოლომდე გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველამ შეძლო გადარჩენა, თუმცა მათი სიტყვები, ვინც შიგნით იყო ტერორისტული აქტის დროს, საწინააღმდეგოს ამტკიცებს“, – ნათქვამია ქალაქის საბჭოს მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომლის სარდაფში ქალაქის 1500-მდე მშვიდობიანი მაცხოვრებელი რუსულ ბომბებს ემალებოდა, 16 მარტს დაინგრა. უკრაინელი სამხედროების ცნობით, თეატრი რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა იმის მიუხედავად, რომ მასზე დიდი ასოებით ეწერა: „ბავშვები“, რომელიც კარგად ჩანდა მაღლიდანაც.
რუსული ჯარების მიერ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფაა. მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქში, სადაც ომამდე 440 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, 100 000-მდე ადგილობრივი მცხოვრები რჩება საკვების, წყლისა და წამლების გარეშე. რუსული ავიაიერიშების შედეგად ქალაქი მთლიანად დანგრეულია. გაეროს მონაცემებით, რომელიც 23 მარტს გავრცელდა, მარიუპოლში 2500-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები