„საქართველოდან ქალი და ვაზი ჯიშიანი ჩამოიყვანაო“ – როგორ იქცა ქართული ვაზი ანას და ვლადის სიყვარულის სიმბოლოდ

ანა და ვლადი ერთმანეთს პირველად საქართველოში შეხვდნენ – იმ დღეს ანა გერმანიიდან დაბრუნდა და თბილისის აეროპორტში ბიძაშვილის დიდ სამეგობროსთან ერთად ვლადიც დახვდა, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. ვლადი საქართველოში მეგობარს სტუმრობდა და იმ საღამოს ანას ოჯახში გამართულ წვეულებაზეც აღმოჩნდა, მეორე დღეს კი სერბეთში დაბრუნდა.
მათი სულ რამდენიმესაათიანი ურთიერთობა მოგვიანებით ვაზის ნერგების წყალობით გაგრძელდა. ვლადმა საქართველოდან ვაზის ნერგები წაიღო და ანას ხშირად უგზავნიდა ფოტოებს, როგორ ხარობდა ქართული ვაზი მის ეზოში. ალბათ ნერგები მხოლოდ საბაბი იყო – ულამაზეს ანაზე ვლადს, როგორც ჩანს, გული პირველი ნახვისთანავე შეუვარდა. ასე დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია…
ვლადის ოჯახმა ანა ძალიან თბილად მიიღო. საქართველოდან ქალიც და ვაზიც ჯიშიანი ჩამოიყვანეო, უთხრა ვლადს ბიძამ.
დღეს მათ უკვე ორი შვილი ჰყავთ, უფროსი – ლაზარე წელს პირველ კლასში წავიდა. ანა კი არა მხოლოდ ოჯახს უძღვება, არამედ უნივერსიტეტში სწავლობს, მუშაობს და ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწევა.
მისი დატვირთული ყოველდღიური ცხოვრება ორი ქვეყნის ტრადიციებისა და ორი კულტურის გადაკვეთაზე მიედინება: სახლში ქართული და სერბული კერძები და დღესასწაულები ერთმანეთს ერწყმის, მათი სიყვარულის „შუამავალმა“ – ქართულმა ვაზმა კი უკვე ნაყოფიც მოისხა, ვლადმა ღვინოც დაწურა, საქართველოდან ქვევრებიც ჩაიტანა და მალე ღვინის დაყენებას ქართული ტრადიციული მეთოდით დაიწყებს.
ანა ივანიძე-ტოშიჩის ისტორია კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს ინახავს, რომლებზეც ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ანა, მოდი, საუბარი სულ თავიდან დავიწყოთ: პირველად როდის წახვედი უცხოეთში და რა მიზნით? ცხადია, ადვილი არ იქნებოდა მარტო უცხო ქვეყანაში ცხოვრება. როგორ შეძელი სირთულეების დაძლევა?
ყოველთვის მაინტერესებდა გერმანული ენისა და კულტურის შესწავლა. თბილისში გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატი ავიღე და ო-პერის პროგრამის საშუალებით გავემგზავრე ჰანოვერში 2013 წელს. მასპინძელ ოჯახში ცხოვრების დროს გერმანული ენის სკოლაში ვსწავლობდი. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ სოციალურ სამსახურში გავაგრძელე მუშაობა. იქ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი – ბევრ მათგანთან დღემდე ვმეგობრობ. მარტივი არ ყოფილა მარტო ცხოვრება, მაგრამ იქ გაცნობილი კეთილი ადამიანების წყალობით მიადვილდებოდა სირთულეებთან გამკლავება. არასდროს დამავიწყდება ჩემი მოხუცი მეზობლის სიტყვები გერმანიაში გამგზავრების წინ: „თავი მაღლა ასწიე და წინ იარე, ლამაზი და მშვენიერი ცხოვრება გელოდება, შენ ამას შეძლებ!“ – ასე გამამხნევა და თან დიდი სამგზავრო ჩანთა მაჩუქა. გერმანიაში 2017 წლამდე დავრჩი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გერმანულ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, არაჩვეულებრივ კოლექტივთან.
როგორ გაიცანი შენი მომავალი მეუღლე და როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია? ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო თუ მეგობრობიდან წამოსული გრძნობა?
ვლადს პირველად მაშინ შევხვდი, როცა გერმანიიდან დაბრუნებულს ჩემი ბიძაშვილი თავის დიდ სამეგობროსთან ერთად აეროპორტში დამხვდა. ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება, მხოლოდ რამდენიმე საათი ვიყავით ერთად, მეგობრების წრეში – ჩემს ოჯახში, ჩემი დაბრუნების აღსანიშნავად გამართულ სადილზე. მეორე დღეს კი ვლადი სერბეთში დაბრუნდა. საქართველოდან წაიღო ქართული ვაზის ნერგები და მერე ხშირად მიგზავნიდა ფოტოებს, როგორ ხარობდა ვაზი მის ეზოში.
გამოდის, რომ თქვენი სიყვარულის შუამავალი და მეკავშირე ვაზი იყო.
დიახ, ასე გამოდის, რომ ვაზმა დაგვაახლოვა.
როდესაც გული და ხელი შემოგთავაზა, ადვილად მიიღე გადაწყვეტილება? რა იყო მთავარი, რამაც გაფიქრებინა, რომ იგი ნამდვილად იყო ის ადამიანი, ვისთანაც ოჯახის შექმნა და მთელი ცხოვრების გატარება გინდოდა?
დიდი როლი შეასრულა იმანაც, რომ ჩემს მშობლებს ვლადი პიროვნულად ძალიან მოეწონათ. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მშობლების მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთი სარწმუნოება გვაქვს, ამასთან, ვლადი მხიარული, უშუალო, მშრომელი, განათლებული და მიზანდასახული ადამიანია. მისმა თბილმა ღიმილმა მომხიბლა, თვალებით იცინისო, ასეთ ადამიანებზე ამბობენ. როგორღაც ყველაფერი თავისთავად, მსუბუქი დინებით წავიდა: არ გვქონია შეყვარებულობის დრამები, შერიგება-დაშორებები, ჰარმონიულად მივედით ქორწინებამდე.

რამდენი წელია, რაც სერბეთში ცხოვრობ, რა იყო თავიდან ყველაზე რთული და რა დაგეხმარა ადაპტაციაში? შენი მეუღლის ოჯახმა, ნათესავ-მეგობრებმა როგორ მიგიღეს? ალბათ კარგად გახსოვს პირველი შეხვედრა მათთან. იქნებ რაიმე თბილი ან სახალისო ამბავიც გაიხსენო იმ პერიოდიდან.
8 წელი ხდება, რაც სერბეთში, ქალაქ პიროტში ვცხოვრობ. ადაპტაციაში დამეხმარა თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა: ვლადის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. ძალიან თბილად შემხვდნენ, თავისიანად მიმიღეს, დიდი დახვედრა მოაწყვეს, მრავალკაციანი სუფრით და ცოცხალი მუსიკით. ძალიან მხიარული ხალხია, შრომაც უყვართ და მოლხენაც.
თავიდან ერთი სიტყვაც არ ვიცოდი სერბულად, ჩემი პირველი მასწავლებელი ვლადის მამა იყო. ჩემი მეუღლე და დედამისი მუშაობდნენ, მამამთილი პენსიაზე იყო და ყველაზე დიდ დროს მასთან ვატარებდი. ცხარე წიწაკა უყვარდა – როცა ჭამდა, რა ცხარეაო, იტყოდა და რაღაც ფრაზას მოაყოლებდა. ერთ დღესაც სამსახურიდან დაბრუნებულმა ვლადმა სადილობისას მკითხა, როგორ მოგწონს წიწაკაო. მეც ჩემი მამამთილის ის ფრაზა გავიმეორე, ლამის ლუკმა გადასცდა მოულოდნელობისგან… თურმე მსუბუქი გინება ყოფილა (სერბები კახელებივით არიან).
ვლადის ოჯახზეც მოგვიყევი ცოტა რამ…
ვლადი დედისერთაა, დედა დიდი ფაბრიკის ფინანსური დირექტორია, მამა პენსიამდე ავეჯის სახლის დირექტორი იყო. ძალიან სასიამოვნო ხალხია, ყველაფერში გვერდში გვიდგანან. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ვლადს 90 წლის ბაბუაც ჰყავს, ინტელიგენტი, ძალიან საინტერესო პიროვნება. პირველად რომ ვესტუმრე, დიდი ენციკლოპედია გადმოიღო და საქართველოს გვერდზე გადაშალა. უკვე ყველაფერი წაეკითხა საქართველოზე. ძალიან მესიამოვნა მისგან ასეთი ჟესტი.
ხშირად ამბობენ, რომ სერბები ქართველებს ძალიან ჰგვანან – ხასიათითაც და ოჯახური ღირებულებებითაც. შენი თვალით დანახული სერბები როგორები არიან?
სწორად უთქვამთ. ესაა მიზეზი, რატომაც არ გამიჭირდა ადაპტაცია. ჩემი მეზობელი ბებოს სახლი ჩემი შვილების სურათებითაა გამოვსებული, საკუთარი შვილიშვილებივით უყვარს. კედლებზე უკიდია პირველი დაბადების დღის ფოტოები, ერთად რომ გადაიღეს. მშრომელი ხალხია, თავისუფალ დროსაც კი შრომაში ატარებენ, როდესაც ბიულეტენზე არიან და არ მუშაობენ, სახლში შეშას ჩეხენ, ან სახურავს ცვლიან – უსაქმოდ ვერ ჩერდებიან. მაგრამ გართობაც კარგი იციან, ქორწილები და „სლავები“ ყოველთვის მრავალრიცხოვანი სტუმრებით აღინიშნება. „სლავა“ სერბული მართლმადიდებლური ტრადიციული საოჯახო დღესასწაულია, რომელიც ოჯახის მფარველ წმინდანს ეძღვნება. ჩვენი ოჯახის მფარველი წმინდა იოანე ნათლისმცემელია.
2014 წელს „სლავა“ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.
შენს ოჯახში ორი კულტურა ცხოვრობს – ქართული და სერბული. როგორ ახერხებ მათ შეთავსებას? ქართული ტრადიციები – მაგალითად, ახალი წელი, აღდგომა – როგორ შეიტანე თქვენს ყოფაში და როგორ იღებს ამას ვლადი და მისი ოჯახი?
ბევრი დღესასწაული მათთანაც ანალოგიურად აღინიშნება, მართლმადიდებლური კალენდრით, ძველით ახალ წელსაც აღნიშნავენ ჩვენსავით. ქართული კერძები ვლადს ძალიან უყვარს. თავიდან ქინძთან შეგუება გაუჭირდა, უცნაური გემო აქვსო, ამბობდა, მაგრამ ახლა სადაც ნახულობს (აქ ძნელი საშოვნელია), ყიდულობს და სიამაყით მოაქვს სახლში, ეზოშიც კი დავთესეთ. ჩაქაფულით აღფრთოვანებულია. სერბეთში შობის წინა ღამეს სამარხვო სუფრა იშლება – ძირითადი კერძებია თევზი, კარტოფილის სალათითა და ლობიო. სანამ დიასახლისები სამზარეულოში ტრიალებენ, მამაკაცები ტყეში მიდიან მუხის ტოტების მოსატანად.

თქვენი ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიცია რა არის? ისეთი, რომელიც უკვე „თქვენად“ იქცა.
6 მაისის აღნიშვნა. გიორგობა დღეს გავიცანით ერთმანეთი და ამ დღეს განსაკუთრებულად ვატარებთ ხოლმე: ხან პიცერიაში მივდივართ, ხან სტუმრებს ვმასპინძლობთ, ხან რაიმე განსაკუთრებულ კერძს ვამზადებთ.
ვლადმა თუ ისწავლა ქართული? სახლში რომ გაბრაზდები, ქართულად ლაპარაკობ?
მარტო ანბანი ისწავლა, ასოებს ცნობს, სიტყვები და ლაპარაკი – ვერა, დრო არ აქვს, თან, ცოტა არ იყოს, ეზარება კიდეც. ჩემთვის კომფორტულია, რომ არ ესმის, შემიძლია გვერდზე მეჯდეს, დედას ველაპარაკებოდე და თავისუფლად ვჭორავდე (იცინის). კი, როცა ვბრაზდები, ქართულად ვლაპარაკობ. ბავშვებმა დაიმახსოვრეს ჩემი ფრაზები. ერთხელ ცელქობისთვის გავუბრაზდი და სანამ მე ვიტყოდი რამეს, მილამ დამასწრო – უჰ, შე მაიმუნოო, მითხრა.
ბავშვებზეც მოგვიყევი – როგორი ხასიათი აქვთ? როგორც მივხვდი, ცელქები არიან. ქართული თუ იციან? როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ – უყვართ დედის სამშობლოში ჩამოსვლა?
ლაზარე 7 წლისაა, წელს პირველ კლასში წავიდა. მოუსვენარი, ენერგიული და ძალიან მეგობრულია – მთელი უბნის ბავშვებს სახლში ერეკება; კეთილი გული აქვს, უყვარს გაყოფა და არაფერი ენანება მეგობრებისთვის.

მილა 5 წლისაა და ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს, რამე თუ ჩაიფიქრა, აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე; იცის, რა უნდა და რა არა. ბავშვებს ადვილად არ უმეგობრდება, ჯერ „რენტგენში ატარებს“ და მერე უახლოვდება. რამდენადაც ხისტი ხასიათი აქვს, იმდენად თბილი შეუძლია იყოს, ვინც მოსწონს, თბილად ეხუტება და მზრუნველობას გამოხატავს.
საქართველო ძალიან უყვართ, თითქმის ყოველდღე მეკითხებიან, როდის მივდივართო. ქართული კერძებიც მოსწონთ, ხინკალი – ყველაზე მეტად; ლაზარეს კუბდარი უყვარს, დედაჩემის გამომცხვარი, უზარმაზარ ხინკალს ეძახის. ქართული ენა აინტერესებს და მუდმივად მეკითხება, ეს სიტყვა როგორაა, ეს სიტყვა როგორო. მილას ქართულად რომ ველაპარაკები, იცინის, რა სასაცილო ენაზე მელაპარაკებიო.

ყველაზე მეტად რა გინდა, რომ შენმა შვილებმა ისწავლონ შენგან?
ბავშვები ძალიან სტუმართმოყვარეები და მეგობრულები არიან, ქუჩაში ველოსიპედით სეირნობისას ყველა გამვლელს ესალმებიან – ნაცნობს თუ უცნობს. მთელი უბნის ბავშვები ჩვენს ეზოში იყრიან თავს… ალბათ უკვე ნასწავლია, რაც საჭირო იყო, რომ ესწავლათ: კაცთმოყვარეობა, სტუმართმოყვარეობა, გულითადობა და ზრდილობა.
შენი მშობლები როგორ ეგუებიან შვილის და შვილიშვილების სიშორეს?
მუდმივ მონატრებაში არიან, ამიტომ ხშირად ჩამოდიან და ყოველთვის დიდი ხნით ვიტოვებთ. დიდი ქალაქის ქაოსს შეჩვეულები პატარა ქალაქის სილამაზით და სიმშვიდით ტკბებიან, უყვართ აქაურობა.
ანა, ახლა სად მუშაობ? როგორც ვიცი, თან სწავლობ…
უკვე მესამე წელია მერიაში ვმუშაობ, ბავშვთა დაცვის დეპარტამენტში, საოცარ კოლექტივთან ერთად, მარტო თანამშრომლები კი არა, ჩემი ახლო მეგობრებიც გახდნენ. სამსახურში წასვლა მიხარია. ცოტა ხნის წინ დამასრულებელი გამოცდები ჩავაბარე ტურიზმის ფაკულტეტზე. ამჟამად სადიპლომო თემას ვწერ პიროტისა და მისი შემოგარენის ტურისტულ განვითარებაზე, ეს მიზნამდე ბოლო ნაბიჯია.
ვლადი რას საქმიანობს? როგორ გაიხარა ქართულმა ვაზმა სერბეთის მიწაზე? უკვე გაქვთ თქვენი ღვინო?
ვლადი სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობს, კანცელარიის ხელმძღვანელია. სამსახურიდან მოსვლისთანავე სამუშაო ტანსაცმელს იცვამს და სოფელში გარბის. ვაზებმა გადასარევად გაიხარა – ბიძამისმა უთხრა, საქართველოდან ქალიც და ვაზებიც ჯიშიანი ჩამოიყვანეო. ღვინოც დაწურა უკვე, მარანსაც აშენებს. ღვინის დაყენებაში სულს და გულს დებს, ვენახშიც ყოველდღე დადის და ბავშვივით უვლის. ქართულ ღვინოს მართლა ეთაყვანება. საქართველოდან ქვევრები ჩამოატანინა, ძალიან ამაყობს თავის შენაძენით, ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს ქართული მეთოდით ღვინის დაყენებას.
ანა, ყმაწვილქალობაში საავტორო სიმღერებს წერდი – მუსიკაც შენი იყო და ტექსტებიც. ერთ-ერთი იუთუბზეც დევს შენი შესრულებით. დღეს რა ურთიერთობა გაქვს მუსიკასთან? ისევ წერ? სახლში თუ მღერი ხოლმე?
ჩვიდმეტიდან ოცდასამ წლამდე აქტიურად ვწერდი სიმღერებს, გიტარაზე ვუკრავდი. ორმოცამდე სიმღერა მაქვს შექმნილი, მაგრამ ჯერ ვერ „დავაბინავე“. ძალიან მენანება დავიწყებისთვის – მე თუ ვერ ვიმღერებ, იქნებ რომელიმე მომღერალმა იმღეროს. რამდენიმეს მივწერე კიდეც, უსასყიდლოდ შევთავაზე, ჩემი სიმღერა შეეტანათ თავიანთ რეპერტუარში, მაგრამ არც უნახავთ შეტყობინება. არ მიკვირს, ჩემნაირი ალბათ ათასი სწერთ დღეში. ამ ბოლო დროს იშვიათად ვიცლი მუსიკისთვის, სხვა მოვალეობებია პრიორიტეტული, მაგრამ მოვა დრო და გავაცოცხლებ ჩემს სიმღერებს.
როგორც ვიცი, შენი სიმღერები უცხოელ სპეციალისტებსაც მოეწონათ – მერე რა მოხდა?
დიახ, ასეა, ჩემი სამი სიმღერა გადავთარგმნეთ ინგლისურად და იმ სტუდიის მფლობელმა, ირაკლი ლომსაძემ (თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავს, დიდი მოკითხვა მინდა გადავცე; სამწუხაროდ, კონტაქტი დავკარგე), სადაც რეპეტიციებს გავდიოდით, პროდიუსერ ჰანს მაიერს გაუგზავნა გერმანიაში. ეს იყო 2011-2012 წლები. გერმანელ პროდიუსერს მოეწონა სიმღერები, ჩვენს ბენდთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ბენდის წევრებს სხვა გეგმები ჰქონდათ – ზოგი იმ პერიოდში ოჯახს ქმნიდა, ზოგს საზღვარგარეთ არ უნდოდა ცხოვრება – ამიტომ, სამწუხაროდ, ეს შანსი ხელიდან გავუშვით.
ახლა ლიტერატურულ საქმიანობაშიც ხარ ჩართული – თარგმნი თანამედროვე სერბ პოეტებს, მონაწილეობ ქართულ-სერბულ პოეტურ საღამოებში, სტატიებსაც აქვეყნებ ქართულ ლიტერატურაზე. როგორ დაიწყო შენი კავშირი სერბულ ლიტერატურულ წრეებთან?
სერბეთის ლიტერატურული გაზეთის მთავარი რედაქტორი, პოეტი და მწერალი, ქალბატონი გორდანა ვლაიჩი ეძებდა მთარგმნელს, რომელიც სერბ პოეტ ქალებს თარგმნიდა ქართულად. უნდოდათ მათი შემოქმედება საქართველოში, მწერალთა სახლში, ლიტერატურულ საღამოზე წარედგინათ. იგი საქართველოს წარმომადგენლის, ქალბატონმა ბაია მახარაძის მეშვეობით დამიკავშირდა და მართლაც ვთარგმნე 6 პოეტი ქალის ლექსები. ასევე, სერბულ ენაზე ვთარგმნე ქართველი პოეტი ქალების შემოქმედებაც.
2023 წლიდან ნოდარ დუმბაძის მოთხრობების თარგმნა დავიწყე, ჩემი საყვარელი მწერალია და ერთი დიდი სიამოვნება იყო მისი არაჩვეულებრივი ნაწარმოებების სერბულად თარგმნა. ველოდები გამომცემლობის თანხმობას, რომ გამოვაქვეყნო.
სწავლა, მუშაობა, თარგმნა, წერა, თან ორი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახი – როგორ ახერხებ დროის მართვას? არის თუ არა დღე, როცა ისე იღლები, რომ ყველაფრისგან დასვენება გინდა?
მართლა არ ვიცი, როგორ ვახერხებ, ალბათ ქაოსური განრიგი და სტრესი მიბიძგებს ამდენი საქმის ერთდროულად კეთებისკენ. მშვიდი ცხოვრება რომ მქონოდა, ვერ ვისწავლიდი, დამეზარებოდა. სამსახურის და ბავშვების გამო სულ აქტიური ვარ და ტემპს ვერ ვაგდებ: ან სამსახურში ვმეცადინეობ, ან საღამოობით, ბავშვების დაძინების შემდეგ. ძალიან რომ გადავიღლები, ზოგჯერ მართლაც მინდება, გამოვიხურო კარი და მშვიდ, უკაცრიელ ადგილას დავჯდე, მინდა, ყველაფერი ჩამოვიხსნა და თავისუფლად ამოვისუნთქო… მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა, ახლა ასეთია, გაიზრდებიან ბავშვები და მერე ყველაფერი შეიცვლება. საკუთარ თავს ვეუბნები-ხოლმე: ანა, ნუ წუწუნებ, მოვა დრო და ეს ყველაფერი მოგენატრება-მეთქი.
ნინო ლურსმანაშვილი




