მსოფლიოსპორტი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! ტორესის გოლით „წითელმა ფურიამ“ დამატებით დროში არგენტინა დაამარცხა (ვიდეო)

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოქმედი ჩემპიონი არგენტინა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ფინალური შეხვედრა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ-რატერფორდში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართა. მას მსოფლიოს მრავალი ცნობილი ადამიანი, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ესწრებოდნენ.

გადამწყვეტი მომენტი მეორე დამატებითი ტაიმის დასაწყისში, შეხვედრის 106-ე წუთზე დადგა. პედრო პოროს ჩაწოდების შემდეგ ნიკო უილიამსმა ბურთი თავით საჯარიმოს ცენტრში გადააგდო, სადაც ფერან ტორესმა ზუსტი დარტყმით ემილიანო მარტინესი უშანსოდ დატოვა და ესპანეთს ოქროს მედლები მოუტანა.

16 წლის შემდეგ, 2010 წელს იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკის რესბუბლიკა) ტრიუმფის შემდეგ, ესპანეთმა კვლავ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და დაამტკიცა, რომ ბოლო წლებში მიღწეული ევროპული წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა.

ესპანეთის უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში

მატჩის მსვლელობისას აშკარა იყო ესპანეთის უპირატესობა. სტატისტიკაც ადასტურებდა, რომ ინიციატივა თითქმის მთლიანად ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს ეკუთვნოდა.

ესპანელები მეტოქეზე ბევრად მეტხანს ფლობდნენ ბურთს, აგრესიულ პრესინგს თამაშობდნენ და არგენტინას რეალური საგოლე მომენტების შექმნის საშუალებას, პრაქტიკულად, არ აძლევდნენ.

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ძირითად დროში მოწინააღმდეგის კარში, ფაქტობრივად, არ დაურტყამს და ესპანელების საჯარიმოში სახიფათო მომენტიც თითქმის არ შეუქმნია.

მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ესპანეთის ტერიტორიული უპირატესობისა, არგენტინა თავს საკმაოდ ორგანიზებულად იცავდა და მეტოქეს რეალური საგოლე მომენტების შექმნის საშუალებას იშვიათად აძლევდა. მეკარე ემილიანო მარტინესისთვის ესპანელთა დარტყმების უმეტესობა რთულად მოსაგერიებელი არც ყოფილა.

ენცო ფერნანდესის მეორე ყვითელი ბარათის გამო არგენტინის ნაკრები დამატებით 15-წუთიან ტაიმებში მოედანზე ათი ფეხბურთელით დარჩა.

ამის შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ არგენტინას ფინალური შეხვედრა პენალტების სერიისკენ მიჰყავდა და იმავე სცენარის გამეორება სურდა, რამაც 2022 წელს საფრანგეთთან გამარჯვება მოუტანა (ძირითადი და დამატებითი ტაიმების შემდეგ მატჩი 3:3 დასრულდა და არგენტინამ პენალტების სერიით, 4:2, მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული). თუმცა ამჯერად ეს აღარ გამოვიდა.

ნიკო უილიამსის გაუქმებული გოლი კამათის საგანი გახდა

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ერთ-ერთი ყველაზე სადავო ეპიზოდი 75-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ნიკო უილიამსის გოლის გაუქმება გახდა პირველი დამატებითი ტაიმის დასაწყისში, შეხვედრის 96-ე წუთზე.

ნიკო უილიამსმა ბურთი კარში გაგზავნა, თუმცა მსაჯმა მანამდე მიკელ მერინოს მხრიდან დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

ესპანურმა მედიამ გოლის გაუქმება მკაცრად გააკრიტიკა. El País-მა ეპიზოდს „გაუგებარი გადაწყვეტილება“ უწოდა, ხოლო სხვა გამოცემებმაც აღნიშნეს, რომ დარღვევა აშკარა არ ყოფილა. სწორედ ეს ეპიზოდი გახდა ფინალური შეხვედრის მთავარი არბიტრის, სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩის ყველაზე საკამათო გადაწყვეტილება.

იამალს გაუჭირდა, მაგრამ სივრცეებს ქმნიდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი, რომელსაც 13 ივლისს 19 წელი შეუსრულდა, ფინალში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო.

არგენტინის დაცვა იამალს თითქმის ყველა ეპიზოდში ორმაგ მეურვეობას უწევდა. იამალმა დრიბლინგში ვერ შეძლო ჩვეული ოსტატობის მთლიანად გამოვლენა, თუმცა თავისი მოძრაობებით თანაგუნდელებს სივრცეებს უქმნიდა და მეტოქის დაცვის კონცენტრაციას მუდმივად საკუთარ თავზე იღებდა.

ეს არ ყოფილა იამალის ყველაზე კაშკაშა მატჩი, თუმცა სწორედ ასეთ შეხვედრებში გამოჩნდა ესპანეთის მთავარი ძალა – გამარჯვება ერთ ფეხბურთელზე კი არა, მთლიან გუნდზე იყო აგებული.

ლამინ იამალი გამარჯვების შემდეგ პატარა ძმასთან ერთად. ფოტო: getty images

ემოციური დასასრული ლიონელ მესისთვის

39 წლის ლიონელ მესისთვის ეს, ძალიან დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატების ბოლო ფინალი იყო.

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ვერ შეძლო ფინალურ მატჩში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა – ესპანეთმა ორგანიზებული თამაშით მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაც კი ეფექტურად გაანეიტრალა, მესიმ არათუ გოლი ვერ გაიტანა, ვერც საგოლე გადაცემა შეასრულა. საბოლოოდ მოქმედმა ჩემპიონმა ვერ დაიცვა ტიტული და მსოფლიო თასის მეოთხედ მოპოვება ვერ შეძლო.

ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტულიც „დათმო“ – საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ მეორედ გახდა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე 10 გოლით (მპაბემ ბოლო დუბლი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შეასრულა, რომელშიც საფრანგეთი ინგლისთან დამარცხდა 4:6). ფრანგ ვარსკვლავს „ადიდასის“ ოქროს ბუცი გადაეცა.

მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 8 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მბაპეს საგოლე გადაცემებით უსწრებდა. მესის „ადიდასის“ ვერცხლის ბუცი გადაეცა. ბრინჯაოს ბუცი კი ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს ჯუდ ბელინგემს (7 გოლი) ერგო.

რას ამბობდნენ მატჩის შემდეგ

გამარჯვების შემდეგ ერთადერთი გოლის ავტორმა ფერან ტორესმა ემოციები ვერ დამალა:

„ეს ბედი იყო. ეს არის 47 მილიონი ესპანელის გოლი“, – განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირმა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კი აღნიშნა, რომ მისი გუნდის ამ თაობამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე დაუმარცხებელი ჩემპიონია 38 წაუგებელი მატჩით.

ესპანელთა ნახევარმცველმა როდრიმ (როდრიგო ერნანდეს კასტანტე) ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა და „ადიდასის“ ოქროს ბურთი გადაეცა.

ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ესპანეთის ნაკრების 19 წლის მცველი პაუ კუბარსი დასახელდა. სწორედ მის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის მიიღო ენცო ფერნანდესმა მეორე ყვითელი ბარათი, რის გამოც არგენტინის ნაკრები დამატებით დროში ათი ფეხბურთელით დარჩა.

ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის 8-ვე მატჩში (3 – ჯგუფურ ეტაპზე, 5 – პლეი ოფში) მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, „ადიდასის“ ოქროს ხელთათმანის მფლობელი გახდა.

ესპანეთის ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ინდივიდუალური ოსტატობის პარალელურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზებულ გუნდურ თამაშს. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი დამსახურებულად მოიგო – ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, ფინალში კი მოქმედ ჩემპიონს შანსი, პრაქტიკულად, არ დაუტოვა.

ნუცა ყაველაშვილი

ესპანელებს გამარჯვება დონალდ ტრამპმა მიულოცა. ფოტო: getty images

დაკავშირებულ თემაზე: ოპერაცია „ბალოგუნის გადარჩენა“ – ტრამპის ზარი და მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დიდი სკანდალი

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები:

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close