სამზარეულოჯანმრთელობარჩევები

ბროწეულის სეზონი – მარჯნის მარცვლოვანი საოცარი ნაყოფი ბარაქის, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

ბროწეულის გამოყენება სამკურნალოდ, კოსმეტიკური მიზნებისთვის და 2 კულინარიული რეცეპტი

ბროწეული – უძველესი და „კურთხეული“ ხილი (კენკრა), რომელიც ჯერ კიდევ ბიბლიაში, თორასა და ყურანში მოიხსენიება. ის სიყვარულის, ნაყოფიერებისა და სიცოცხლის სიმბოლოდ მიაჩნდათ.

ბროწეულის სახელწოდება (ლათ. Punica granatum) მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან punicus – „კართაგენული“. სწორედ კართაგენი (თანამედროვე ტუნისი) ითვლება მის სამშობლოდ.

დღეს ბროწეული ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა ქვეყანაში – ჩინეთში, თურქეთში, ირანში, ისრაელში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სხვ.

ბროწეული სიმბოლურად უკავშირდება სიყვარულს, ბედნიერებასა და ბარაქას. საბერძნეთში დღემდე არსებობს ტრადიცია – ახალმოსახლეობის მისალოცად საჩუქრად მიაქვთ ბროწეული, რათა ოჯახს წარმატება და კეთილდღეობა ჰქონდეს.

ქიმიური შემადგენლობა და კალორიულობა

100 გრამი ბროწეული შეიცავს:

  • კალორია: 70 კკალ
  • ცილა: 0.7 გ
  • ცხიმი: 0.6 გ
  • ნახშირწყლები: 14.5 გ

ვიტამინები: ბეტა-კაროტინი, C, K, E, PP, B ჯგუფის ვიტამინები;
მიკროელემენტები: იოდი, რკინა, თუთია, ქრომი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი;
მაკროელემენტები: ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი.

ბროწეული ასევე შეიცავს ცილებს, ამინომჟავებს და ორგანულ მჟავებს – ლიმონმჟავას, ვაშლმჟავას, ბორის მჟავას, ღვინის მჟავას და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ბროწეული შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს – პუნიკალაგინს, რომელიც, ჰადერსფილდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) ჩატარებული კვლევის თანახმად, ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას უშლის ხელს.

ბროწეულის სასარგებლო თვისებები

ბროწეული ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური ბუნებრივი პროდუქტია. ის ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ბროწეულის შემადგენლობაში არსებული მაგნიუმი, თუთია და რკინა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს დაღლილობას.

ბროწეულის რეგულარული მოხმარება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ოპერაცია გადაიტანეს ან გამოფიტულები და ძალაგამოცლილები არიან – ის აღადგენს ორგანიზმს და ენერგიით ავსებს.

ბროწეული სასარგებლოა ასაკოვანთათვისაც: ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, არეგულირებს წნევას და აჩერებს ათეროსკლეროზის განვითარებას.

ბროწეულის თითქმის ყველა ნაწილი – ქერქი, ყვავილი, ფესვი, კურკა და წვენი – გამოიყენება სამკურნალოდ.

  • ნაყენები და ექსტრაქტები ამცირებენ ანთებას, ხელს უწყობენ სისხლნაკლებობისა და დიარეის მკურნალობას, ამშვიდებენ ნერვულ სისტემას და აგვარებენ უძილობის პრობლემას.
  • ბროწეულის ზეთი მდიდარია E და F ვიტამინებით, ის ხელს უწყობს უჯრედების განახლებას და ახალგაზრდობის შენარჩუნებას.

ბროწეული მამაკაცებისთვის

აღმოსავლეთში ბროწეული, ტრადიციულად, „მამაკაცის ხილად“ ითვლებოდა.

  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • ხელს უწყობს ტესტოსტერონის ბუნებრივ გამომუშავებას;
  • ამცირებს პროსტატის დაავადებების რისკს.

პექტინები და ამინომჟავები წმენდენ ორგანიზმს ტოქსინებისგან, ხოლო ვიტამინები – C, E და PP ფიზიკურ გამძლეობას აძლიერებენ.

ბროწეული ქალებისთვის

ქალებში ხშირია რკინის დეფიციტი – ბროწეული განსაკუთრებით რეკომენდებულია ანემიის პროფილაქტიკისთვის.

მისი პოლიფენოლური ნაერთები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, აჩერებენ კანის დაბერებას და ხელს უშლიან სიმსივნური უჯრედების ზრდას.

ფიტოესტროგენები – ბუნებრივი მცენარეული ჰორმონები – ამსუბუქებენ მენოპაუზის სიმპტომებს და ჰორმონულ ბალანსს არეგულირებენ.

ბროწეული აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას, აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს, ხოლო მასში შემავალი ელაგოტანინი ხელს უწყობს სხეულის ბუნებრივ დეტოქსიკაციას.

ბროწეული ბავშვებისთვის

  • 1 წლამდე რეკომენდებული არაა;
  • 1 წლის შემდეგ – გაზავებული წვენი (1 წილი ბროწეულის წვენი და ერთი წილი ანადუღარი შეგრილებული წყალი; დაიწყეთ მიცემა ერთი ჩაის კოვზიდან);
  • 3 წლიდან – მარცვლებიც.

ბროწეული შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისგან და იმუნიტეტს აძლიერებენ.

კალციუმი და ვიტამინი D აძლიერებს ძვლებს, B ჯგუფის ვიტამინები აუმჯობესებენ მეხსიერებასა და ტვინის ფუნქციას.

შეიძლება თუ არა ბროწეულის კურკების ჭამა?

შეიძლება, ოღონდ ზომიერად. კურკები მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი ბოჭკო – წმენდენ ნაწლავებს და ხელს უწყობენ ტოქსინების გამოდევნას, თუმცა ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს.

ბროწეულის ქერქის სარგებელი

  • შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს და ორგანულ მჟავებს;
  • კარგი შედეგი აქვს ყელის ანთების და კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს;
  • გამოყენებისას ზომიერება აუცილებელია, რადგან ქერქში მცირე რაოდენობით ტოქსიკური ალკალოიდებიც არის.

ბროწეულის ქერქის ნახარშის მომზადება

ნახარშები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულობისას, ყელის ან პირის ღრუს პრობლემების დროს, როდესაც ტრადიციული მედიკამენტების ან ანტიბიოტიკების მიღება არასასურველია.

რეცეპტი ძალიან მარტივია:

20 გრამ გამხმარ ბროწეულის ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. მიღებული ნახარში გადაწურეთ და ოდნავ გააგრილეთ. რეკომენდებულია 2 ჩაის კოვზის მიღება დღეში არა უმეტეს ორჯერ.

ქერქის ნახარში ხშირად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, რადგან დაბანის შემდეგ მისი გადავლება აძლიერებს თმას და აქრობს ქერტლს. ასევე, შესაძლებელია ქერქის დაფქვა და ვარდის წყალში დალბობა. მიღებული ნაზავის გამოყენება შესაძლებელია სახის კანის გასაწმენდად – აკნეს მოსაშორებლად ან გამონაყრის გაჩენის პროფილაქტიკისთვის. ამ ბუნებრივ ტონერს ასევე აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი და ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების გაქრობას.

ქერქისგან დამზადებული ჩაი ხელს უწყობს ხველის, განსაკუთრებით ქრონიკული ხველის, მკურნალობას. ამ სასმლის დასამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნედლი, ისე გამხმარი ქერქი. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა ბალახი, ლიმონი, თაფლი და ა.შ – ინგრედიენტები შემკვრელი ეფექტის შესამცირებლად.

ჭიებთან საბრძოლველად: 50 გრამი ქერქს დაასხით 0,5 ლიტრი ანადუღარი ცივი წყალი და გააჩერეთ 6 საათი. შემდეგ მიღებული ნაყენი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, რომ სითხის რაოდენობა შემცირდეს (250 მლ-მდე). გააგრილეთ, გადაწურეთ და დალიეთ რამდენიმე ყლუპი ჭამამდე 60 წუთით ადრე. ნახევარი საათის შემდეგ რეკომენდებულია საფაღარათო საშუალების მიღება. მნიშვნელოვანია: სახლში მომზადებული ნახარშისთვის უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ქერქი შიდა თეთრი კანების გარეშე. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, უმჯობესია ჯერ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

რამდენი ბროწეული შეიძლება ვჭამოთ დღეში?

  • მოზრდილებისთვის: ნახევარი ან ერთი ბროწეული (300–600 გ);
  • ბავშვებისთვის: კვირაში 2–3-ჯერ საკმარისია;.

ბროწეულის უკუჩვენებები

  • ბროწეულის ნაყოფი და წვენი არ არის რეკომენდებული კუჭის წყლულისა და კუჭის მომატებული მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის;
  • წვენი სასურველია გაზავდეს წყლით;
  • წვენის მიღების  ან ბროწეულის ჭამის შემდეგ აუცილებელია წყლის გამოვლება კბილის ემალის დაზიანების თავიდან ასაცილებლად;
  • გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა და ჰიპერვიტამინოზი.

ბროწეული კულინარიაში

  • მარცვლები და წვენი განსაკუთრებით უხდება ხორციან კერძებს;
  • კავკასიურ სამზარეულოში ბროწეულისგან მზადდება ნარშარაბი, რომელიც განსაკუთრებით უხდება თევზს, აგრეთვე, ხორცს;
  • ინდოეთსა და პაკისტანში მარცვლებს აშრობენ მზეზე, შემდეგ დაბალ ცეცხლზე ახმობენ და ფქვავენ – მიიღება სანელებელი ანარდანა. უხდება ნებისმიერ კერძს (ხორცს, თევზს), რომელსაც მომჟავო არომატი ახალისებს.

ორი რეცეპტი ბროწეულით

კუჭმაჭი ბროწეულით – გამორჩეულად არომატული კერძი

ეს ნოყიერი და არომატული საჭმელი შესაფერისია როგორც სადღესასწაულო სუფრისთვის, ისე ყოველდღიური მენიუსთვის. კუჭმაჭი მზადდება სხვადასხვა სახის ხორცისგან, მდიდარია სასარგებლო ცილებითა და მინერალებით. კერძს განსაკუთრებულ გემოს აძლევს ბროწეული და არომატული სუნელები.

ინგრედიენტები:

  • ქათმის კუჭები, გულები და ღვიძლები – 300 გ
  • ბროწეულის მარცვლები – ერთი მუჭა
  • ბროწეულის წვენი – 100 მლ
  • ერთი თავი ხახვი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • რამდენიმე მარცვალი კოწახური
  • დაფნის ფოთოლი – 1-2 ცალი
  • ხმელი ქინძი და უცხო სუნელი – ერთად ერთი ჩაის კოვზი, დაფქული ქონდარი – ნახევარი ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი – 1 სუფრის კოვზი
  • მარილი და წიწაკა – გემოვნებით
  • სურვილისამებრ – ცოტა მშრალი წითელი ღვინო
  • რამდენიმე ღერი ნედლი ქინძი და ოხრახუში (ერთად – ერთი საშუალო კონა)

მომზადება:
ხორცი კარგად გარეცხეთ, დაწურეთ წყლისგან და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად (ძალიან არ დააქუცმაცოთ). ტაფაზე დაასხით ზეთი, გააცხელეთ და დააწყვეთ დაჭრილი ხორცი, 5 წუთი შუშეთ. შემდეგ დაუმატეთ ბროწეულის წვენი (ამ ეტაპზევე შეგიძლიათ ჩაასხათ ცოტაოდენი წითელი ღვინოც) და დააფარეთ სახურავი – მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთი.

შემდეგ ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, კოწახური და სუნელები, აურიეთ და გააჩერეთ კიდევ 15 წუთით დაბალ ცეცხლზე.

როდესაც გამზადდება, მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და დაჭრილი მწვანილი (ქინძი, ოხრახუში). კერძი გამოდის მსუბუქად პიკანტური, გემრიელი და საოცრად არომატული.

ბროწეულის სალათა სტაფილოთი და ნივრით

ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური სალათა გაგაოცებთ გემოთა ორიგინალური შეხამებით – მსუბუქი, ოდნავ ტკბილი და ცოცხალი არომატით. იდეალურია სადღესასწაულო სუფრისთვისაც და ყოველდღიური მენიუსთვისაც.

ინგრედიენტები:

  • ბროწეული – 1/2 ნაყოფი
  • სტაფილო – 1 ცალი (მოზრდილი)
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • მაიონეზი (ან არაჟანი) – 2 სუფრის კოვზი
  • პიტნის ცოცხალი ფოთლები – მოსართავად (ან ოხრახუში).

მომზადება:

ნახევარი ბროწეულიდან გამოარჩიეთ მარცვლები, სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ნიორი დაჭყლიტეთ ნივრის საჭყლეტში ან წვრილად დაჭერით და დანით დასრისეთ.

ღრმა თასში ჩაყარეთ გახეხილი სტაფილო და ნიორი, დაუმატეთ მაიონეზი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღებული ნარევი მოათავსეთ თასში, მოასწორეთ ზედაპირი და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები. გააფორმეთ პიტნის ან ოხრახუშის ფოთლებით.

ეს სალათა არა მხოლოდ გემრიელია, არამედ მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით – ნამდვილი ენერგეტიკული ბომბი ცივი სეზონისთვის!

კირა კარიაული

დაკავშირებულ თემაზე: სადღესასწაულოდ – შამპანურის კოქტეილი ბროწეულის წვენით და მარცვლებით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close