პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთში დააკავეს 59 წლის კაცი საქართველოდან, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

29 აპრილის საღამოს საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა და ბერძნულმა პოლიციამ საბერძნეთის ჩრდილოეთში, ალექსანდრუპოლისში დააკავეს 59 წლის ეთნიკურად ბერძენი ემიგრანტი საქართველოდან, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს დაკავებული პონტოელი ბერძნის ვინაობის დასახელების გარეშე.

გამოცემა წერს, რომ ბერძნულმა დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დაკავებულის საქმიანობაზე მიანიშნებდა. იგი საბერძნეთის მოქალაქეა და ოფიციალურად მხატვრად მუშაობდა.

ახლა გამოძიება ცდილობს, დეტალურად დაადგინოს, თუ კონკრეტულად რომელი ობიექტები ჰქონდა ბრალდებულს გადაღებული და როდის.

როგორც გამოცემა protothema წყაროებზე დაყრდნობით წერს, დაკავებული პირი, სავარაუდოდ, ფოტოებსა და ვიდეოებს უღებდა ალექსანდრუპოლის პორტსა და სასაზღვრო ზონის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო ტექნიკის გადაზიდვა – რომელიც ხშირ შემთხვევაში უკრაინაში ხვდება რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

ის გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეომასალასაც უგზავნიდა პირს, რომელიც ლიეტუვაში ცხოვრობს, ბერძნულ პასპორტს ფლობს და ასევე ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია დაბადებული და გაზრდილი. გამოძიების ფარგლებში ლიეტუვაში დააკავეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 59 წლის მამაკაცის პარტნიორიც.

გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაპირველად დაკავებულ მამაკაცს აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი კრიმინალური ჯგუფის წევრი დაეკონტაქტა. სწორედ ამ პიროვნებამ შესთავაზა დაკავებულს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ემუშავა.

თავად ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი არ უარყოფს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობას, მეტიც, ბერძნული გამოცემა protothema-ს ცნობით, მან გამოკითხვისას თქვა, რომ ამ საქმეს აკეთებდა არა ფულის სანაცვლოდ, რომელიც შესთავაზეს, არამედ „დედა რუსეთისთვის“, რადგან თავს რუსეთის გულშემატკივრად მიიჩნევს, როგორც წარსულში საბჭოთა ჯარში ნამსახურევი ადამიანი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close