„თამარ ბალავაძე: მთელი ცხოვრება სპორტულ ჟურნალისტიკაში“

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) ვებგვერდზე გამოქვეყნდა AIPS-ის წევრის, თენგიზ პაჭკორიას სპეციალური სტატია სათაურით „თამარ ბალავაძე: მთელი ცხოვრება სპორტულ ჟურნალისტიკაში“, რომელიც ინგლისურენოვან მკითხველს აცნობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ჯილდოს მფლობელს, ბრწყინვალე ტელეჟურნალისტს, ქართული სპორტის ისტორიის შესახებ რამდენიმე დოკუმენტური ფილმისა და წიგნის ავტორს თამარ ბალავაძეს.
ფრაგმენტი სტატიიდან – პროფესიის არჩევანი და ოლიმპიური თამაშები
თამარი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ის არის ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ვახტანგ ბალავაძის (1927-2018) ქალიშვილი. ვახტანგ ბალავაძე იყო 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1957), 1959 წლის ვიცე-ჩემპიონი, სსრკ-ის ხუთგზის ჩემპიონი (1952, 1953, 1954, 1955, 1957) თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, საერთაშორისო მსაჯი, სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1961-1970 წწ).
თამარმა ექსკლუზიურ ინტერვიუში თავისი პროფესიის არჩევაზე ისაუბრა: „მამაჩემი მეგობრობდა ცნობილ სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან, სპორტულ და კულტურის მოღვაწეებთან ურთიერთობდა, ამის წყალობით პირადად ვიცნობდი ბევრ მათგანს და ძალიან მაინტერესებდა სპორტი, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი“.
თამარ ბალავაძე 25 წელი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე (1978-2003 წწ.), საინფორმაციო გამოშვებებში იყო სპორტული სეგმენტის წამყვანი, ასევე, იყო არაერთი სპორტული გადაცემის ავტორი და წამყვანი. შემდეგ ქართულ ტელეარხ „იმედზე“ უძღვებოდა საავტორო გადაცემას „ოლიმპიური ინტერიერი“.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (აღსანიშნავია, რომ 1921 წლის თებერვლიდან საქართველო ოკუპირებული იყო ბოლშევიკური რუსეთის მიერ და 1922-1990 წლებში იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში) თ. ბალავაძე აკრედიტებული ჟურნალისტი იყო ზაფხულის ექვს ოლიმპიურ თამაშზე და სამ ზამთრის ოლიმპიადაზე და იქიდან აკეთებდა რეპორტაჟებს ქართული ტელევიზიისა და რადიოსთვის. თამარმა ჟურნალისტ გოგი ფრანგიშვილთან ერთად 2004 წელს გადაიღო 13-სერიანი დოკუმენტური სატელევიზიო საავტორო ფილმი, რომელიც ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლის ისტორიას ეძღვნება.
თამარი არის დოკუმენტური სპორტული ფილმების სერიის „ამბავი ერთი გამარჯვებისა“ და პროექტის „ერთი ჩემპიონის ისტორია“ ავტორი, რომელიც ეძღვნება ქართველ სპორტსმენებს – ოლიმპიურ ჩემპიონებს და 36 ვიდეოფილმისგან შედგება.
2004 წელს თამარ ბალავაძე დაჯილდოვდა სეოკ-ის ორდენით. 2008 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) მას სპეციალური ჯილდო გადასცა ნომინაციაში „ქალი და სპორტი“.
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: https://www.aipsmedia.com/…/pages/articles/2025/36511.html
თამარ ბალავაძის წიგნი „ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია“ (რედაქტორი ნინო ლურსმანაშვილი), რომელიც ახლახან გამოიცა თბილისში, ეძღვნება საქართველოს სპორტსმენ ქალებს, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე.
კომენტარები