ქორწილია, ქორწილი! – სად და როდის გაიმართება კარლო პონტის და მარიამ შარმანაშვილის ქორწილი (ვიდეო)

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის შვილის, კარლო პონტისა და მისი ქართველ რჩეულის, მარიამ შარმანაშვილის ქორწილი საქართველოში 26 ივლისს გაიმართება.
ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ფიტნესის ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის წყვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა და ერთი ნახვით შეყვარების ეს თავბრუდამხვევი თავგადასავალი ამად ნამდვილად ღირს!
„ჰოლივუდის ფილმად“ ქცეული ნამდვილი ამბის ბედნიერი დასასრულის შესახებ ცნობილმა იტალიელმა მომღერალმა ალ ბანომ სან-მარინოს მუსიკალურ ფესტივალზე ექსკლუზიურად ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ვარსკვლავის ვაჟმა მარიამს ცოლობა შარშან სექტემბერში, ლეგენდარული დედის დაბადების დღის წვეულებაზე სთხოვა, ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში.
მარიამმა „კურიერი P. S.“-სთან ლეგენდარულ მსახიობთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ სოფი ლორენი მას თბილად შეხვდა.
ცხადია, მარიამი შარმანაშვილის, როგორც სოფი ლორენის სარძლოს, სტატუსმა ქართულ სოცქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მარიამი თავისი „ინსტაგრამის“ გამომწერების კითხვებს დაუღალავად პასუხობს. ხშირად დასმულ კითხვებს შორის ყველაზე პოპულარულია: „როგორი გრძნობაა, როდესაც სოფი ლორენი შენი დედამთილია?“ მარიამის პასუხი ამ კითხვაზე ლაკონიურია: „საპასუხისმგებლო და სასიამოვნო ერთად“.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები