8 დღის ნაცვლად კოსმოსში 9 თვით „ჩარჩენილი“ NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ (ვიდეო)

NASA-ს ასტრონავტები ბარი „ბუჩ“ უილმორი და სუნიტა უილიამსი, რომლებმაც თავდაპირველად დაგეგმილი 8 დღის ნაცვლად კოსმოსში 286 დღე გაატარეს, სამშაბათ საღამოს, 18 მარტს (თბილისის დროით – 19 მარტს, 01:57 სთ-ზე) დედამიწაზე დაბრუნდნენ.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, Space X-ის კაფსული Crew Dragon-ი 17-საათიანი ფრენის შემდეგ ფლორიდის სანაპიროსთან, წყალზე დაეშვა.
სამშაბათი იდეალური დღე იყო დასაბრუნებლად. როგორც ABCnews-ი წერს, როდესაც ასტრონავტების კაფსული წყალზე დაჯდა, ტემპერატურა იყო 78 გრადუსი (ფარენჰაიტით; დაახლ. 25,6°C). აგრეთვე, შენიშნეს ცნობისმოყვარე დელფინების გუნდი, რომლებიც ხომალდის გარშემო დაცურავდნენ, სანამ „ნასას“ სახმელეთო სამსახურები ამზადებდნენ კაფსულის გახსნას.
საბოლოოდ კაფსული წყლიდან ამოსწიეს და სამაშველო ხომალდზე აიტანეს, სადაც ასტრონავტებმა პირველად შეძლეს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა 9 თვეზე მეტი ხნის შემდეგ.
დედამიწაზე დაბრუნებული ასტრონავტები NASA-ს ჰიუსტონის ცენტრში გაივლიან სამედიცინო გამოკვლევებს.
ბარი უილმორი და სუნიტა უილიამსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ივნისში გაემგზავრნენ Boeing-ის ხომალდ Starliner-ით. ასტრონავტებს სადგურზე რვა დღე უნდა გაეტარებინათ და იმავე ხომალდით დაბრუნებულიყვნენ დედამიწაზე, თუმცა წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეძლეს Starliner-ის გამოყენება უკან დასაბრუნებლად და დაგეგმილი 8 დღის ნაცვლად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 9 თვეზე მეტი ხნის გატარება მოუწიათ.
გასული წლის აგვისტოში NASA-მ გამოაცხადა, რომ ასტრონავტების დედამიწაზე დასაბრუნებლად Boeing-ის მთავარი კონკურენტის, კომპანია SpaceX-ის ხომალდს გამოიყენებდა.
სამშაბათს, დილით ადრე, 1:05 სთ-ზე აღმოსავლეთის დროით კოსმოსური ხომალდი SpaceX Dragon-ი, რომელშიც უილიამსთან და უილმორთან ერთად ასტრონავტები – ნიკ ჰეიგი („დრაგონის“ კაპიტანი) და ალექსანდრ გორბუნოვი იმყოფებოდნენ, ავტომატურად ჩაეხსნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და დაიწყო თავისი მოგზაურობა უკან, დედამიწისკენ. ეს 17-საათიანი მოგზაურობა მშვიდობიანად დასრულდა და კაფსული ფლორიდის დედაქალაქის – ტალაჰასის სანაპიროსთან წყალზე დაეშვა. ცნობისათვის: კოლეგების დასაბრუნებლად სექტემბერში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე Dragon-ით გაფრენილმა ნიკ ჰეიგმა NASA-დან და რუსმა კოსმონავტმა ალექსანდრ გორბუნოვმა ორბიტაზე 171 დღე გაატარეს.
ნანა ძნელაძე
კომენტარები