ვიდეოხელოვნებასაქართველო

ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზია 2025-ზე (ვიდეო)

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს 22 წლის მარიამ შენგელია წარადგენს.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი 18-მა ქართველმა შემსრულებელმა გამოთქვა და საკუთარი ნამუშევარიც წარადგინა. „პირველ არხს“ საკონკურსო სიმღერა გამოუგზავნა, აგრეთვე, 20-ზე მეტმა უცხოელმა კომპოზიტორმა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევანი ქართული მოტივებით და ეროვნული ელემენტებით დატვირთულ პროექტზე შეაჩერა, რომელიც, ჩათვალეს, რომ საერთაშორისო კონკურსზე ზუსტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობას.

მარიამ შენგელია „პირველი არხის“ ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ვოისის“ მონაწილეა. მომღერალი 2020 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო, თუმცა იმ წელს კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა.

საკონკურსო სიმღერა “Freedom” („თავისუფლება“) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტიუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობენ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეები და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი.

ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 (ნახევარფინალები) და 17 მაისს (ფინალი) გაიმართება.  საქართველოს წარმომადგენელი  მარიამ შენგელია ევროვიზიის სცენაზე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში გამოვა და შეასრულებს საკონკურსო სიმღერას “Freedom” („თავისუფლება“). ევროფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ, ტრადიციულად, პირველ არხზე უყუროთ

მანანა ბანძელაძე

p. s. შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსში 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ ხნის განმავლობაში ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია, მაშინ როდესაც ე. წ. პატარების ევროვიზიაზე (Junior Eurovision) საქართველოს წარგზავნილებმა 4-ჯერ მოიპოვეს გამარჯვება, ბოლოს – 2025 წელს გაიმარჯვა ანდრია ფუტკარაძემ სიმღერით „დედას“.

ანდრია ფუტკარაძემ საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვა და საქართველოს რეკორდი დაუბრუნა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close