ისრაელში ქართული პურის გაყიდვა დაიწყო – 35 ათასი პური უკვე გაიგზავნა

საქართველოდან პურის ექსპორტი დაიწყო. 3 მარტს „იფქლი დიღომიდან “ ისრაელში 4 ასორტიმენტის 34 ათასი პური გაიგზავნა. აღნიშნული პარტია ისრაელში 10 დღეში ჩავა, სწორედ ამდენი დრო სჭირდება ტრანსპორტირებას.
ქართული პური ისრაელში მსხვილი სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდება და დაახლოებით 3 დოლარი ეღირება. პური დანიშნულების ქვეყანაში ყველა სტანდარტის დაცვით, გაყინულ კონდიციაში იგზავნება.
„პირველად გადის ქართული პური ექსპორტზე საზღვარგარეთ. პირველი ქვეყანა, სადაც პური გაიგზავნება, არის ისრაელი. იყო ჩამოსული დელეგაცია, ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდათ, იყო დეგუსტაცია, გავატანეთ ნიმუშები, რის შემდეგაც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში გაიარა აკრედიტაცია, რომ დაეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა, სტანდარტი და პარამეტრი, რაც მათ ქვეყანას აქვს.
ეს არის 40-ტონიანი მაცივარი, კონტეინერი, რომლითაც პური მიდის გამომცხვარი მზა სახით, გაყინული. ცხობის შემდეგ, შოკის მაცივარში, -35 გრადუსზე, შოკის პრინციპით ვყინავთ, ვათავსებთ -18 გრადუს კონტეინერში და ზღვით ხდება ტრანსპორტირება. ტრანსპორტირების დროს შენარჩუნებული არის ტემპერატურა და უკვე გაყინულ მდგომარეობაში პურის ვადა არის 6 თვემდე. გალღობის შემდეგ ისეთ სტრუქტურას ინარჩუნებს, როგორც ახალი გამომცხვარი პური. ამ ეტაპზე 15 ტონა პური გავიდა ექსპორტზე“, – ამბობს სოფიო ბედიაშვილი, „იფქლი დიღომის“ მარკეტინგის მენეჯერი bm.ge-სთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან პური ისტორიაში პირველად გადის ექსპორტზე.
სავარაუდოდ, „იფქლის“ პურის ფასი ისრაელში 3 დოლარამდე იქნება.
კომენტარები