საზოგადოებასაქართველო

პირადობის მოწმობის დიზაინი შეიცვალა – ახალი თაობის პირადობის მოწმობაზე QR კოდი იქნება დატანილი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან საქართველოში ახალი დიზაინის პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყება. სააგენტოში აცხადებენ, რომ პირადობის მოწმობის აღების საფასურის გაზრდა არ იგეგმება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე განმარტავს, რომ ახალი თაობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უფრო უსაფრთხო და დაცული იქნება გაყალბებისგან.

„იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, რომ მის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი და სამგზავრო დოკუმენტები იყოს უსაფრთხო და გაყალბებისგან დაცული. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო უკვე 2010-2011 წლებიდან გასცემს ბიომეტრიულ პასპორტებსა და პირადობების ელექტრონულ მოწმობებს, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბოლო პერიოდში განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადდეს მსგავსი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები. ამისათვის მრავალეტაპიანი სატენდერო პროცედურების ფარგლებში შეირჩა გერმანული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე, ახალი თაობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დიზაინის შექმნას და მათ დამზადებას.

სააგენტო უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყებს ახალი თაობის დოკუმენტების გაცემას, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო და დაცული გაყალბებისგან. მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვადიან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და პასპორტს, არ იქნებიან ვალდებული, ჩაანაცვლონ ეს დოკუმენტები, ვიდრე მათი ვადა არ ამოიწურება, ასევე, არ იგეგმება საფასურის ზრდა. სააგენტო გეგმავს, ზაფხულიდან დაიწყოს ახალი თაობის პირადობის მოწმობების გაცემა და შემდეგ უკვე ბიომეტრიული პასპორტების გაცემაც. მასზე არის ბევრი სიახლე, პირველ რიგში, ეს ეხება დამცავ ნიშნებს, კიდევ უფრო დაცული არის აღნიშნული დოკუმენტები. ასევე, მასზე დატანილი იქნება QR კოდი, რაც არის სიახლე აღნიშნული დოკუმენტისთვის“, – განაცხადა რუსუდან კოხოძემ.

ID ბარათების QR კოდი შესაძლებელს გახდის დოკუმენტზე დატანილი ინფორმაციის ონლაინ გადამოწმებას.

ახალ დადგენილებაში, ძველის მსგავსად, არის დათქმა, რომ პირადობის მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ციფრების ნებისმიერ კომბინაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთმანეთის მიყოლებით არის სამი ექვსიანი (666XX, X666X, XX666).

ID ბარათის მისანიჭებელ ნუმერაციაში ეს შეზღუდვა 2011 წელს დაწესდა, როცა ლამინირებული ე. წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები ახალი ტექნოლოგიით დამზადებული დოკუმენტით უნდა შეცვლილიყო. საქმე ისაა, რომ მოქალაქეთა ნაწილი სამი ექვსიანის კომბინაციას ეშმაკისეულად აღიქვამს, აქედან გამომდინარე, პირადობის მოწმობებში ამ კომბინაციების გამოყენება აკრძალულია.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close