მიტევების კვირა: ვის უნდა ვთხოვოთ პატიება და ვის არა?

კვირას მართლმადიდებელი სამყარო მიტევების დღეს აღნიშნავს. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღეს ქრისტიანები განსაკუთრებული სინანულით ხვდებიან.
საეკლესიო სწავლებით, მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ერთმანეთს შენდობასა და მიტევებას სთხოვენ. ამ მიტევების კვირაში განსაკუთრებული მადლის მომტანია ლოცვა და მოწყალება, რადგან ეს არის ბოლო კვირა, ბოლო მზადება დიდ მარხვის დასაწყებად. წმინდა მამები ამ დღეებს კურნების კვირას უწოდებენ, ამ დღეებში ადამიანი უნდა განიწმინდოს, განსაკუთრებით ილოცოს.
ამ დღეებში საკითხავი ლოცვა
უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო, და გლახაკთა ხელისამპყრობელო, მეუფეო ქრისტე, განამტკიცე და განაბრძვნე გული ჩემი, და მომეც მე სიტყუა, სიტყუა ღმრთისაო, რაითა ლმობიერად გიღაღადებდე: ჰეი, მრავალმოწყალეო, მომეც კურნებაი და შემიწყალე მე.
რატომ უნდა აპატიო?
„დიდი მარხვის დასაწყებად მეხუთე მოსამზადებელი კვირა არის მიტევების კვირა. უფალი ამ დღეს ბრძანებს: თუ ადამიანები აპატიებთ ერთმანეთს ყველა შეცდომას, მეც გაპატიებთ, თუ არ აპატიებთ, არც მე შეგინდობთ.
წარმოვიდგინოთ ნებისმიერმა მამამ, რომელსაც რამდენიმე შვილი გვყავს, როგორი სასიამოვნოა, როცა მათ შორის სიყვარულს და ერთობას ვხედავთ.
და თუ მათში სიძულვილს დავინახავთ, განხეთქილებას, შფოთს, ვეუბნებით: თუ გინდათ, ჩემგან სიყვარული მიიღოთ, თქვენც შეიყვარეთ ერთმანეთი. მიუტევეთ ერთმანეთს შეცდომები და შერიგდით.
ასე იქცევა მამა ღმერთიც.
ახლა დიდი მარხვა იწყება, როცა ყველაზე მეტად უნდა მოვინანიოთ ცოდვები. ამისთვის მივდივართ ჩვენ მოძღვართან და ვამბობთ აღსარებას. მისგან შენდობას კი იესო ქრისტეს სახელით ველით.
და ქრისტე რა პირობით მოგიტევებს ცოდვებს? ლოცვით? მეტანიებით? არა! „უკეთუ მიუტევნეთ თქვენცა კაცთა შეცოდებანი მათნი“.
ან ცოდვებით სავსემ, უამრავი დანაშაულის ჩამდენმა, როგორ უნდა უთხრა ადამიანს, არ გპატიობ შეცდომებსო, როცა თავად უცოდველი ღმერთისგან ითხოვ უამრავი ბრალის პატიებას.
ქართველებს ფიცხი ხასიათი გვაქვს, ამიტომაა ამდენი მტრობა, შურისძიება, დაყოფა, პოლარიზაცია. და ხშირად ამ დაპირისპირების მიზეზები ძალიან წვრილმანია. ადამიანს ადვილად ვემდურებით. ხან უსაფუძვლოდ და უმიზეზოდაც კი გადავემტერებით. სადაც ასეთი დაძაბული ურთიერთობებია, ქრისტე იქ არ სუფევს.
მთელი გულით გთხოვთ, შემინდვეთ ყველამ ჩემი შეცოდებები. თქვენც ყველას სთხოვეთ შენდობა, თუნდაც არ გელაპარაკებოდნენ. თქვენ თქვენი გააკეთეთ, იქნებ იმათაც ეშველოთ“, – ამბობს ქადაგებაში კასპში მოღვაწე მამა ლევან ჯიქური.
ვის არ უნდა ვთხოვოთ პატიება?
ერთადერთი, ეშმაკს და მის მსახურებს: ერეტიკოსებს(მწვალებლებს), ჯადოქრებს, მკითხავებს. დანარჩენი ვინც ელოდება, გულით უნდა შევუნდოთ. შენდობა არ ნიშნავს, ისევ საქმიანი ან პირადი ურთიერთობა აღვადგინოთ. ადამიანს ვაპატიოთ, ლოცვაში მოვიხსენიოთ, ხოლო ფიზიკური სიახლოვე თუ გვაზიანებს, განვერიდოთ.
წელს აღდგომა 20 აპრილსაა.
დიდმარხვა იწყება 3 მარტს და 7 კვირა გრძელდება.
მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ არის, ეს არის სიკეთის კეთება, სინანული, მიტევება, ლოცვის გაძლიერება, მოყვასისთვის დახმარების ხელის გაწვდენა…
უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი მიმტევებლებიც ვიქნებით მოყვასის მიმართ, ისევე მოგვეტევება ჩვენი ცოდვები უფლის წინაშე.
ასე სინანულით განწმენდილები უნდა შევუდგეთ დიდმარხვას. უფალმა მოგვცეს ძალა ღირსეული მარხვისა და განგვაცდევინოს ჭეშმარიტი სიხარული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისა!
კომენტარები