ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ავსტრიაში ქართველი თვითმარქვია ექიმი დააკავეს – პაციენტი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ავსტრიაში საქართველოს 35 წლის მოქალაქე არალეგალური კოსმეტიკური ოპერაციის ჩატარების გამო დააკავეს. დაზარალებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას ავსტრიული მედია ავრცელებს.

ქართველმა თვითმარქვია ექიმმა ვენის მესამე უბანში, დღიურად ნაქირავებ ბინაში ჩაატარა „ნიკაპის აწევის ან გადაჭიმვის“ პროცედურა, რომელსაც გართულებები მოჰყვა – პაციენტს ყელის არეში ძლიერი სისხლდენა დაეწყო და სუნთქვა გაუძნელდა.

მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ქალის თანმხლებმა პირმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა 58 წლის ქალს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 

ვითარებაში გასარკვევად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პოლიცია გამოიძახა.

პოლიციის ცნობით, ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს როგორც ქირურგიული ინსტრუმენტები, სამედიცინო და ქირურგიული აღჭურვილობა, სადეზინფექციო და სტერილიზაციის მასალები, ისე კოსმეტიკური ოპერაციების ფასების სია და საინფორმაციო მასალა ოპერაციის პროცედურების შესახებ.

ადგილობრივი  მედიის ცნობით, „მოყვარულმა“ ქირურგმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. 35 წლის მამაკაცი სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებით არის დაკავებული. პოლიციის განცხადებით, მას ავსტრიაში სამედიცინო პრაქტიკის ლიცენზია არ აღმოაჩნდა, ავსტრიელი სამართალდამცავები ამოწმებენ მის ნათქვამს, თითქოს საქართველოში ქირურგიული საქმიანობის უფლება აქვს.

ბინა, სადაც კოსმეტიკური ოპერაციები ტარდებოდა, ეჭვმიტანილს ონლაინ პლატფორმის მეშვეობით უქირავა ახლობელმა, ასევე ქართველმა, რომელიც მას საქართველოში სამედიცინო სფეროდან იცნობს. პოლიციის ცნობით, აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი დაკავებულის არაკანონიერ საქმიანობასთან, ჯერჯერობით გაურკვეველია.

საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცი ამ დროისთვის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close