მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

დედამიწასთან 2032 წელს დიდი ასტეროიდის შეჯახების ალბათობა გაორმაგდა – უნდა გვეშინოდეს თუ არა?

ამერიკის კოსმოსური სააგენტოს – ნასას მიერ ასტეროიდ 2024 YR4-ის დაკვირვების შედეგების საფუძველზე ექსპერტებმა 2032 წლის 22 დეკემბერს მისი დედამიწასთან შეჯახების ალბათობა ორჯერ გაზარდეს.

სპეციალისტების დასკვნით, იმის ალბათობა, რომ 2024 წელს აღმოჩენილი დიდი ზომის ასტეროიდი, რომელსაც 2024 YR4 უწოდეს, 2032 წელს დედამიწაზე ჩამოვარდება, ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.

ნასას ახალი დაკვირვებების საფუძველზე ეს ალბათობა 2,3%-მდე გაიზარდა. მანამდე ამერიკის კოსმოსური სააგენტო სახიფათო ობიექტის, ასტეროიდ 2024 YR4-ის დედამიწასთან შეჯახების შესაძლებლობას 1%-ით აფასებდა.

იმის მიუხედავად, რომ გაორმაგებულიც კი ეს ალბათობა ძალიან დაბალი რჩება, მეცნიერები ყურადღებით ადევნებენ თვალს ასტეროიდის ტრაექტორიას.

2024 YR4 აპრილამდე დარჩება ხილული. ამ დროის განმავლობაში მასზე დაკვირვებას ასტეროიდების შესახებ გაფრთხილების საერთაშორისო ქსელის დედამიწაზე დამონტაჟებული ტელესკოპებით გააგრძელებენ.

უახლოეს პერიოდში ასტრონომები აპირებენ, ასტეროიდზე დაკვირვება ორბიტალური ტელესკოპით – „ჯეიმს უებით“ აწარმოონ.

მკვლევრების თქმით, 2024 YR4-ის ინფრაწითელი სურათების მიღება მეცნიერებს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრონ მისი ზომები, რაც ძნელი მისაღწევია ოპტიკური ტელესკოპებით. აგრეთვე, NASA-ს და ЕКА-ს (ევროპის კოსმოსური სააგენტო) სპეციალისტები გეგმავენ, დეტალურად შეისწავლონ ასტეროიდ 2024 YR4-ს ფრენის ტრაექტორია, რაც მის ზუსტ ზომებთან ერთობლიობაში შექმნის შესაძლებლობას, მაქსიმალურად ზუსტად განისაზღვროს საფრთხე, რომელსაც იგი დედამიწას უქმნის. ამ დროისთვის ფიქრობენ, რომ კოსმოსური ლოდის დიამეტრი 40-90 მეტრია.

ასტეროიდიდან მომავალი საფრთხე ტურინის სკალით მე-3 ხარისხით შეფასდა.

შეფასება 3 (ყვითელი დონე) ნიშნავს, რომ ეს ასტეროიდი, დიდი ალბათობით, დედამიწას შეეჯახება, მაგრამ იქნება ლოკალური ზემოქმედება და არა გლობალური ზიანი. აგრეთვე, შესაძლებელია, რომ უფრო ზუსტი გაანგარიშებების შედეგად ამ კატეგორიის ასტეროიდების დედამიწასთან შეჯახების ალბათობა განულდეს.

რა ზიანის მოტანა შეუძლია ასტეროიდ 2024 YT4-ს?

თუ მონაცემები, რომლებიც მეცნიერებმა ასტეროიდ 2024 YT4-ზე შეაგროვეს, სწორია, მაშინ ეს ასტეროიდი იმავე ზომის აღმოჩნდება, როგორიც იყო ტუნგუსის ასტეროიდი, რომელიც დედამიწაზე 1908 წელს ჩამოვარდა, ამიტომ შეჯახების ეფექტი შეიძლება საგრძნობი იყოს ადგილობრივ დონეზე და ასტეროიდს შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს შეჯახების ადგილს.

ტუნგუსის მეტეორიტი იყო უდიდესი კოსმოსური ლოდი, რომლის ჩამოვარდნა კაცობრიობის ისტორიაშია დაფიქსირებული და აღწერილი, თუმცა ცნობილია, რომ წინაისტორიულ დროებაში უამრავი უფრო დიდი  შეჯახება მომხდარა. ყველაზე ცნობილი მათ შორის არის ჩიკშულუბი, რომელიც დაახლოებით 66 მლნ წლის წინათ ჩამოვარდა იუკატანის ნახევარკუნძულის რაიონში და დედამიწაზე სიცოცხლის 2/3 გაანადგურა, მათ შორის, დაასრულა დინოზავრების ბატონობა. მაშინ წარმოქმნილი კრატერი დღემდეა შემორჩენილი.

ტუნგუსის ასტეროიდის დაცემისას აფეთქება ჩიკშულუბივით მძლავრი არ ყოფილა. რუსეთის ნაკლებად დასახლებული რაიონის თავზე, ატმოსფეროში აფეთქებისას ასტეროიდმა 50 მლნ ტონა ტროტილის აფეთქების ტოლფასი ენერგია გამოყო.

Space.com-ის მონაცემებით, ასტეროიდის 2150 კვ. კმ ფართობზე შეჯახებისას წაიქცა დაახლოებით 80 მლნ ხე, დაიღუპა 3 ადამიანი.

„თუ 2024 YT4 ქვის მასალისგან შედგება, ის შეიძლება ჰაერში აფეთქდეს და დედამიწას ცეცხლოვანი ბურთის სახით მოაღწიოს, – განმარტავს დევიდ რენკინი, ასტეროიდებზე „მონადირე“ და Catalina Sky Survey-ს ინჟინერი. – ხოლო თუ ის რკინისგან შედგება, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაივლის ატმოსფეროს და დედამიწაზე შეჯახებისას კრატერს წარმოქმნის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ არა მარტო ორბიტა, არამედ ასტეროიდის შემადგენლობა და ზომა“.

რენკინი და მთელი მსოფლიოს ასტრონომები აგრძელებენ ასტეროიდ 2024 YT4-ზე დაკვირვებას, რომ 2032 წლამდე მასზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შეაგროვონ.

„ევრონიუსის“ მიხედვით

თამთა გურული

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close