ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

მიმდინარე წლის 3 ივნისიდან ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება.
ახალი პირდაპირი მიმართულებით რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით ავიაკომპანია „ვიზეარი“ კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათს და შაბათს შეასრულებს.
„ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ. ლიონი იქნება საფრანგეთის მეორე ქალაქი პარიზის შემდეგ, რომელიც საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდება. ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის, ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის „ოლიმპიკში“ მოთამაშე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე – ჩემპიონთა ლიგაზე“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
ბილეთების შეძენა ქუთასი-ლიონის მიმართულებაზე ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.wizzair.com უკვე შესაძლებელია.
ამ დროისთვის Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყნის 23 მიმართულებით ასრულებს, აპრილიდან ფრენები კვლავ განახლდება მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით.
კომენტარები