ქართველები უცხოეთშიიტალია

საქართველოს მოქალაქემ რომის აეროპორტში ხანძარი გააჩინა – დაშავდა 2 თანამშრომელი, შეჩერდა ფრენები

რომის „ჩამპინოს“ აეროპორტში საქართველოს მოქალაქე 36 წლის მამაკაცმა სადისპეტჩერო კოშკის შენობაში ხანძარი გააჩინა.

შემთხვევის შედეგად აეროპორტის 2 თანამშრომელი დაშავდა. იტალიის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სააგენტოს ინფორმაციით, მცირე ხანძრის გამო ჩამპინოს“ აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდა.

ხანძარი 5 იანვარს, დილის 7:20 სთ-ზე გაჩნდა იმ შენობის პირველ სართულზე, სადაც აეროპორტის სადისპეტჩერო კოშკი მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი Enav-ის დისპეტჩერს დაესხა თავს, რომელიც მორიგე იყო და შემდეგ ცეცხლი გააჩინა. მეხანძრეები ადგილზე სწრაფად მივიდნენ და ხანძარიც ჩქარა ჩააქრეს, თუმცა სქელი კვამლის გამო კოშკიდან თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო და ფრენის განახლებაც მალე ვერ მოხერხდა.

ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო. მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე 36 წლის მამაკაცი, რომელსაც ნასამართლობა არ აქვს, იტალიაში ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა დედის მოსანახულებლად, რომელიც პისტოიაში (ტოსკანის რეგიონი) ცხოვრობს, ხანძრის გაჩენის დღეს კი უკან, საქართველოში უნდა გაფრენილიყო „ჩამპინოდან“.

მომხდარს გამოეხმაურა იტალიის ვიცე-პრემიერი, ტრანსპორტის მინისტრი მატეო სალვინი, რომელმაც ინციდენტს სერიოზული უწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ მოხდეს მისი გამოძიება. ფაქტთან დაკავშირებით იტალიის შესაბამის წრეებში დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ სადისპეტჩერო კოშკის შენობა სათანადოდ უნდა იყოს დაცული და გარეშე პირებს იქ შეღწევა არ უნდა შეეძლოთ.

6 იანვარს, დილით დაკავებული მამაკაცი სასამართლოს წინაშე წარდგა. მოსამართლემ დაადასტურა მისი დაკავების კანონიერება და გამოიტანა დადგენილება, რომლითაც ბრალდებულ მამაკაცს რომში ცხოვრება აუკრძალა. Adnkronos-ის ინფორმაციით, სასამართლოზე საქართველოს კონსულიც იმყოფებოდა. 36 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ როდესაც ცეცხლი გააჩინა, გონება დაკარგა. საქმეზე შემდეგი მოსმენა აპრილში გაიმართება.

ნინო ხოშტარია

დაკავშირებულ თემაზე: Wizz Air-ი ქუთაისიდან რომში „ფიუმიჩინოს“ ნაცვლად „ჩამპინოს“ აეროპორტში იფრენს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close