ვიდეომოგზაურობამსოფლიო

ავიაკატასტროფა ვაშინგტონში – ამ დროისთვის ნაპოვნია 19 ადამიანის ცხედარი (ვიდეო)

სამგზავრო ბორტზე, წინასწარი ინფორმაციით, იმყოფებოდნენ მსოფლიო ჩემპიონები ფიგურულ სრიალში

ავიაკატასტროფა მოხდა ვაშინგტონში 20 იანვარს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 სთ-ზე – რეგიონული რეისის შესრულების დროს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 სამხედრო ვერტმფრენ Black Hawk-ს შეეჯახა რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად, რის შედეგადაც ორივე ბორტი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.

ავიაკატასტროფის დროს სამგზავრო თვითმფრინავი უიჩიტიდან (Wichita, კანზასის შტატი) მოფრინავდა და ბორტზე 64 ადამიანი იმყოფებოდა – 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ქვეითი ჯარების სამხედრო ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა და ვირჯინიის შტატში მდებარე ფორტ-ბელვუარის ბაზიდან გაფრინდა. ვერტმფრენში 3 სამხედრო პირი იმყოფებოდა.

სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება. მასში 300-მდე მაშველი მონაწილეობს. მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან ქარია და ღამით ნისლი იყო, თანაც წყალი გაყინულია. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, 19 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ცოცხლად გადარჩენილთა შესახებ.

აშშ-ის ფიგურული სრიალის ფედერაციამ დაადასტურა, რომ სამგზავრო ბორტზე „ციგურაობის საზოგადოების რამდენიმე წევრი“ იმყოფებოდა. საერთაშორისო ოლიპიურმა კომიტეტმა უკვე გამოთქვა სამძიმარი მომხდარი ტრაგედიის გამო.

რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ი, თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ სამგზავრო თვითმფრინავში 8 მოციგურავე და 4 მწვრთნელი იმყოფებოდა, მათ შორის, ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონები ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი, აგრეთვე, სსრ კავშირის ბრინჯაოს მედლის მფლობელი წყვილთა სრიალში ინა ვოლიანსკაია, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის. შიშკოვამ და ნაუმოვმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში 1994 წელს მოიგეს.

დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ TruthSocial-ში დაწერა: „ეს ცუდი სიტუაციაა, რომელიც, როგორ ჩანს, თავიდან უნდა აეცილებინათ. ცუდია!“

ვაშინგტონში, კენედის ცენტრში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა აფეთქება შეჯახების მომენტში ჰაერში,  მდინარე პოტომაკის თავზე, დაახლოებით საღამოს 8:47 სთ-ზე. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ სწრაფად ეშვება ქვემოთ ცეცხლმოდებული თვითმფრინავი.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის თებერვლის შემდეგ აშშ-ში ეს სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის პირველი შემთხვევაა. სახიფათო ინციდენტები იყო, მაგრამ კატასტროფებამდე საქმე არ მისულა.

1982 წლის 13 იანვარს კომპანია Air Florida-ს სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737-222 ვაშინგტონში ხიდს შეეჯახა მდინარე პოტომაკის თავზე, რის შედეგადაც 70 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი დაიღუპა. გადარჩა მხოლოდ 4 მგზავრი და ეკიპაჟის ერთი წევრი. მაშინ გამოძიებამ დაასკვნა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი პილოტის შეცდომა იყო.

ნინო ხოშტარია

განახლება 21:00 სთ-ზე (თბილისის დროით): შუადღის 12:00 სთ-ისთვის ვაშინგტონის დროით უკვე 28 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. იმედი, რომ ვინმე გადარჩა, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. მასშტაბური სამძებრო-სამაშველო სამუშაო გრძელდება, რომელიც, ტრამპის თქმით, „აღდგენით ოპერაციაში“ გადაიზარდა. „სამწუხაროდ, გადარჩენილები არ არიან. … ამერიკა გლოვობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. მან ამ კატასტროფაში დაადანაშაულა წინა ხელისუფლება, დემოკრატიული პარტიის მთავრობა, თუმცა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება არ მოუყვანია. ამერიკის ავიადისპეტჩერთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია კატასტროფის მიზეზების შესახებ რაიმე ვარაუდების გამოთქმა.

ამერიკის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა ტრაგედიასთან დაკავშირებით ხუთშაბათს თქვა, რომ სამხედრო ვერტმფრენი ჩვეულ სასწავლო მისიას ასრულებდა, თუმცა სწავლების დროს დაშვებული იყო შეცდომა. „არანაირი გამართლება. ჩვენ ბოლომდე გავარკვევთ“, – განაცხადა მან.

„სამხედროები აკეთებენ სახიფათო რამეებს. ისინი რეგულარულად ასრულებენ ჩვეულებრივ მოქმედებებს. გუშინ დაშვებული იყო შეცდომა„, – განაცხადა მან.

ბოსტონის ფიგურული სრიალის კლუბმა დაასახელა 6 მსხვერპლის ვინაობა, მათ შორის არიან 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონები წყვილთა ფიგურულ სრიალში ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close