კონტრაქტი გაფორმებულია – ხვიჩა კვარაცხელია პარიზულმა გრანდმა PSG-მ შეიძინა
ფრანგულმა საფეხბურთო გრანდმა „პარი სენ-ჟერმენმა“ მიზანს მიაღწია – კლუბმა იტალიურ „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოსყიდვის თაობაზე. ამ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი და სატრანსფერო საკითხების ექსპერტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) აქვეყნებს.
„PSG-მ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება უკვე ამ კვირაში დაგეგმა.
PSG-ს სპორტულმა დირექტორმა ლუის კამპოსმა გარიგება ორშაბათს სიტყვიერად დაასრულა. PSG-სა და „ნაპოლის“ პრეზიდენტებმა – ნასერ ალ ხელაიფიმ და აურელიო დე ლაურენტისმა ის დღეს დახურეს“, – წერს რომანო სოციალურ ქსელში.
🔴🔵🤝🏻 PSG have already planned for Khvicha Kvaratskhelia’s medical this week.
PSG director Luis Campos closed the deal verbally on Monday, PSG and Napoli presidents Nasser Al Khelaifi & Aurelio de Laurentiis sealed it today.
👀 Napoli, stepping up efforts for replacement now. pic.twitter.com/ERiQ6hCBav
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 14, 2025
არსებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასთან „პსჟ“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს 4+1 წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბს 4 წლის გასვლის შემდეგ კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლება ექნება. რაც შეეხება ხელფასს, საუბარი იყო 9 მლნ ევროზე, თუმცა ჯერჯერობით ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ცოტა უფრო ადრე გამოცემა RMC Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი ფრანგულ კლუბს 70 მლნ ევრო უჯდებოდა. დადასტურდა, რომ „პარი-სენ-ჟერმენი“ კვარაცხელიას ტრანსფერში „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის და კიდევ 10 მილიონს – ბონუსების სახით.
როგორც ცნობილია, Transfermarkt-ზე ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი ევროთია განსაზღვრული.
გამოცემა Foot Mercato წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ლუის ენრიკეს გუნდში გამოიკვეთა.
„ქართველი ფეხბურთელი ისეთი უნიკალური თვისებების მატარებელია, რომლებიც პარიზულ გუნდს ძალიან სჭირდება. კვარაცხელია კრეატიული მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია როგორც საგოლე მომენტების შექმნა, ისე გოლის გატანა. გარდა ამისა, მაღალი ტექნიკური უნარების წყალობით მას შეუძლია ითამაშოს როგორც მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე, ისე ცენტრში. კვარაცხელიას შეუძლია მარცხენა ფლანგზე ლიდერი გახდეს, მისი ლიდერული თვისებები გასულ სეზონში კარგად გამოჩნდა“, – წერს საფეხბურთო გამოცემა.
ამ დროისთვის ქართული ფეხბურთის ისტორიაში კვარაცხელიას ტრანსფერის თანხა რეკორდულია. ძველი რეკორდი გიორგი მამარდაშვილს ეკუთვნის, რომელიც ინგლისურმა „ლივერპულმა“ გასული წლის აგვისტოს ბოლოს 35 მლნ ევროდ შეიძინა ესპანური „ვალენსიასაგან“.
იტალიური La Repubblica-ს ცნობით კი, შესაძლოა პარიზულ გუნდში იტალიის გასული სეზონის ჩემპიონატის „ოქროს“ დუეტი ისევ შედგეს – ხვიჩასთან ერთად „პარი სენ-ჟერმენში“ ზაფხულიდან ვიქტორ ოსიმენიც ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში კიდევ 2 ქართველი თამაშობს – გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“) და ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“).
ცნობისათვის: PSG Ligue-1-ში 17 ტურის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობს 43 ქულით (13 მოგება, 4 ფრე, 0 წაგება) და მეორე ადგილზე მყოფ „მარსელს“ 7 ქულით უსწრებს. გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ 29 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ – 16 ქულით მე-16 ადგილზე.
ნუცა ყაველაშვილი
დაკავშირებულ თემაზე: მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მეკარე გახდა – გასაჯაროვდა 35-მილიონიანი კონტრაქტის პირობები
კომენტარები