2024 წლის სიტყვად „ტვინის ლპობა“ დასახელდა – რას ნიშნავს და ვის ეკუთვნის ტერმინი?
საჯარო კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, რომელშიც 37 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, წლის სიტყვა ოქსფორდის ლექსიკონის ვერსიით არის ტერმინი Brain rot – ინგლისურიდან ის შეიძლება სიტყვასიტყვით ითარგმნოს, როგორც „ტვინის ლპობა“, „ტვინის დაშლა“. გადატანითი მნიშვნელობით ეს გამოთქმა ნიშნავს ყველანაირი სისულელეებით და ცარიელი კონტენტით ტვინის გამორეცხვას.
როგორც წესი, ოქსფორდის წლის სიტყვად ისეთი ტერმინი ირჩევა, რომელსაც „კულტურულ ცხოვრებაზე ხანგრძლივი ზეგავლენის მოხდენის პოტენციალი“ აქვს, ან ისტორიის კონკრეტულ მომენტს საუკეთესოდ ასახავს.
სალაპარაკო გამოთქმა Brain rot არაფრისმომცემი, დაბალი ხარისხის ონლაინ კონტენტის ჭარბი მოხმარების აღსანიშნავად გამოიყენება, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, რომელსაც ჩვენ „სქროლვას“ ვეძახით.
2023 წლიდან 2024 წლამდე სიტყვის გამოყენების სიხშირე, ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით, 230%-ით გაიზარდა.
საინტერესოა, რომ ეს სინტაგმა – „ტვინის ლპობა“ პირველად 1854 წელს ამერიკელმა მწერალმა, ფილოსოფოსმა და პუბლიცისტმა ჰენრი დევიდ ტორომ გამოიყენა თავის წიგნში „უოლდენი, ანუ ცხოვრება ტყეში“. ასე უწოდა მან ინტელექტუალური აზროვნების დაცემის პროცესს, ღრმა იდეების გაუფასურებას და მათი მარტივი იდეებით ჩანაცვლების ტენდენციას.
ახლა ამ სიტყვის პოპულარობის ზრდა შემთხვევითი არ არის. მთელ მსოფლიოში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ სოციალურ ქსელებში სულელური და უსარგებლო შინაარსის უკონტროლო მოხმარება უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდებზე და არა მხოლოდ მათზე.
„ტვინის ლპობასთან“ ერთად, ოქსფორდის წლის სიტყვის ფინალში, ასევე, აღმოჩნდა ტერმინები: „რომანტეზი“ (romantasy – რომანტიკისა და ფენტეზის ჟანრების ნაზავი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს) და „demure“, რომელიც რომელიც ტიკ-ტოკის ტრენდია და „მოჩვენებითად მოკრძალებულს“ ნიშნავს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები