საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება – ვინ და როგორ აირჩევს ახალ პრეზიდენტს?
სამშაბათს, 26 ნოემბერს გამართულ მე-11 მოწვევის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი დაამტკიცეს. დადგენილების პროექტი საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.
კენჭისყრისთვის რეგისტრაცია პარლამენტის 85-მა წევრმა გაიარა. არჩევნების 14 დეკემბერს ჩატარებას მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ.
ამასთან, 14 დეკემბერს არჩეული ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან წელს პირველად იქნება არჩეული საქართველოს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით – პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო ფარული კენჭისყრით აღარ აირჩევა და მისი არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს და ის 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული – კოლეგიაში შევლენ: პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები -109 წევრი – 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას დაუჭიროს მხარი.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს (200 ხმა) მაინც მიიღებს. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც არჩევა უბრალო უმრავლესობით მოხდება – გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო, ის იმავე დღეს, 14 დეკემბერს ჩატარდება.
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტად 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, ინაუგურაცია კი 16 დეკემბერს გაიმართა.
კომენტარები