ბარსელონაში კოკისპირული წვიმის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა (ვიდეო)
ვალენსიაში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობიდან ერთი კვირის შემდეგ, ქარიშხალ „დანასგან“ გამოწვეული კოკისპირული წვიმების გამო განგაშის ყველაზე მაღალი – წითელი დონე გამოცხადდა კატალონიის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, ავტონომიის დედაქალაქ ბარსელონაში, სადაც დაიტბორა საავტომობილო გზები, შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გადაიდო ავიარეისები.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბარსელონაში „ელ-პრატის“ აეროპორტის ტერმინალი დაიტბორა. უამინდობის გამო 80-ზე მეტი რეისი გაუქმდა, 17 რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.
ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა გამგზავრების ტერმინალი დატბორა და მგზავრები იძულებულები გახდნენ, ფეხსაცმელი გაეხადათ და ფეხშიშველა ევლოთ.
უამინდობის გამო შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა, შეიზღუდა საავტომობილო გადაადგილება. მეწყერმა კი ადგილობრივი ავტომაგისტრალის პარალიზება გამოიწვია. ესპანეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მინისტრის, ოსკარ პუენტეს განცხადებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ კატალონიაში ყველა სამგზავრო მატარებელმა მოძრაობა შეაჩერა. რეგიონში დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ხელისუფლებამ მოსახლეობას ძლიერი წვიმების შესახებ პირადი შეტყობინებები გაუგზავნა. მოსახლეობას მოუწოდეს, უფრთხილდნენ არხებსა და ხეობებს, სადაც ძლიერი წყალმოვარდნები იყო მოსალოდნელი.
ნანა ძნელაძე
კომენტარები