ირანში დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც პროტესტის ნიშნად საჯაროდ გაიხადა (ვიდეო)
ირანში სტუდენტი გოგონა დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც „შიშველი პროტესტი“ მოაწყო თეირანის უნივერსიტეტის კამპუსში.
შაბათს, 2 ნოემბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს სტუდენტი გოგონა ქვედა საცვლების ამარა დადის თეირანის უნივერსიტეტის კამპუსში, შემდეგ კი ქვის პარაპეტზე ჯდება. Amnesty Iran-ი ამტკიცებს, რომ შემდგომში სტუდენტზე ძალადობა განხორციელდა, შესაძლოა, სექსუალური ხასიათისაც.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტმა გოგონამ ტანსაცმელი საჯაროდ გაიხადა მკაცრი ჩაცმულობის კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. Amnesty Iran-ის ცნობით, მანამდე მას ფიზიკურად დევნიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო.
პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაიღეს აუდიტორიიდან, რომელიც თეირანის აზადის ისლამური უნივერსიტეტის კამპუსს გადაჰყურებს, საზოგადოების ფართო ყურადღება მიიპყრო. ბევრი ტაშს უკრავდა გოგონას „სიმამაცისა“ და „გამბედაობისათვის“.
სტუდენტი გოგონას ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
X პლატფორმაზე Amnestry Iran-მა მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.
ორგანიზაციამ მოუწოდა ახალგაზრდა ქალის დაცვისკენ „წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობისაგან“ მის გათავისუფლებამდე და, აგრეთვე, მოითხოვა მისთვის ოჯახის წევრებთან კავშირის და ადვოკატის ხელმისაწვდომობა.
Iran’s authorities must immediately & unconditionally release the university student who was violently arrested on 2 Nov after she removed her clothes in protest against abusive enforcement of compulsory veiling by security officials at Tehran’s Islamic Azad University. 1/2 pic.twitter.com/lI1JXYsgtm
— Amnesty Iran (@AmnestyIran) November 2, 2024
„დაკავების დროს სტუდენტის მიმართ ცემისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებები დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვს“, – აცხადებს Amnesty. მათივე თქმით, ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა საიდ ამირ მაჰჯუბმა განაცხადა, რომ დაცვის თანამშრომლებმა სტუდენტი პოლიციას გადასცეს და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება უარყო. მისივე თქმით, პირველადმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გოგონას ფსიქოლოგიური აშლილობა აწუხებს და მძიმე სტრესის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.
In Iran, a student harassed by her university’s morality police over her “improper” hijab didn’t back down. She turned her body into a protest, stripping to her underwear and marching through campus—defying a regime that constantly controls women’s bodies. Her act is a powerful… pic.twitter.com/76ekxSK7bI
— Masih Alinejad 🏳️ (@AlinejadMasih) November 2, 2024
მანამდე ზოგიერთმა წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტუდენტი გოგონა სპეცსამსახურების აგენტებმა დააკავეს და გაურკვეველ მიმართულებით გადაიყვანეს.
გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, როგორ ტენიან გოგონას მანქანაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცები და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ. სტუდენტური გამოცემა Amir Kabir Newsletter იუწყება, რომ გოგონამ ტანსაცმელი გაიხადა მას შემდეგ, რაც გასამხედროებული ფორმირება „ბასიჯის“ მებრძოლებმა მას პრეტენზია წაუყენეს ჰიჯაბის „არასწორი“ ტარების გამო და მას ტანსაცმელი დაუხიეს. დაკავებისას სტუდენტ გოგონას სცემეს, აგრეთვე, თავი მიარტყმევინეს ბოძზე ან მანქანის კარებზე, რის გამოც მას ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. გოგონას ვინაობას არც სტუდენტური გაზეთი ასახელებს.
ქალთა დრესკოდი ირანში და პროტესტი მის წინააღმდეგ
2022 წელს ირანი საპროტესტო აქციებმა შეძრა ქურთული წარმოშობის ირანის მოქალაქის, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მორალის პოლიციამ დააკავა თავსაბურავის „არასწორი ტარების“ ბრალდებით. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, რომლებზეც ქალები თავსაბურავებს იხსნიდნენ და ზოგჯერ წვავდნენ კიდეც, მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც აქციების დარბევის შედეგად 550-ზე მეტი მომიტინგე დაიღუპა და ათასობით დააპატიმრეს. ევროპარლამენტმა მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ, 2023 წელს ანდრეი სახაროვის პრემია მიანიჭა აზრის თავისუფლებისთვის. საპროტესტო აქციები გაიმართა მისი გარდაცვალების პირველ და მეორე წლისთავზეც.
ირანში ყველა ქალმა უნდა დაიფაროს თმა თავსაბურავით და ჩაიცვას თავისუფალი, გაშვებული ტანსაცმელი. ხელისუფლება ურჩ ქალებს „უმოწყალო დევნით“ ემუქრება; ქვეყნის პარლამენტი ამჟამად განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესებს ამკაცრებს. იდეა უკვე დაამტკიცა კონსტიტუციის მცველთა საბჭომ, საკონტროლო ორგანომ, რომელიც კონსერვატიული ისლამური სასულიერო პირებისგან შედგება.
ნანა ძნელაძე
კომენტარები